
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი 19 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს და იხსენებს დროის სხვადასხვა მონაკვეთს, სადაც "რუსთავი-2" და "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ის მხარდამჭერებს საქალაქო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებს.
"ნეტავ, იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რა პერიოდში "გაუბრაზდა" რუსთავი ორს? როდის თქვა პირველად, რომ მისთვის საყვარელი არხი მისთვის უკვე მიუღებელია? რომ ინფორმაციის მაგივრად იქიდან პროპაგანდა ისმის? ნეტავ როდის იყო ყველაზე დიდი სკანდალები, რის შემდეგაც არხს ერთმანეთის მიყოლებით ის ჟურნალისტები ტოვებდნენ რომლებმაც რუსთავი ორი ბრენდად აქციეს?
ვისაც კარგი მახსოვრობა აქვს - არ გაუჭირდება ამის გახსენება. მერე იმაზეც დაფიქრდით, ვინ იყო არხის მფლობელი იმ დროს.
იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რა ძალისხმევა, ენერგია, შრომაა ჩადებული იმ ყველაფერში, რომ სწორედ იმ მფლობელის ნების არ ქონის თუ უუნარობის გამო ორპროცენტამდე დასული რეიტინგი რუსთავი ორის გუნდს თავიდან ამოექაჩა?
ნეტავ ვინმეს თუ აქვს წარმოდგენა, რამდენი და როგორი წნეხისთვის გაუძლიათ იქ მომუშავე ადამიანებს? და რის ფასად?
იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რამდენს გაუძლია ამ ყველაფრისთვის? პირველივე სირთულეზე არ გაქცეულა და ჭკუის სწალება და თითის გამოშვერა არ დაუწყია?
ვინც გაქცეულა და დაუწყია - გახსოვთ იმათ სახელები? მართალია -მეც გაჭირვებით ვიხსენებ.
ნეტავ თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსთავი ორში ადამიანები მარტო ხელფასის გამო მუშაობენ? რა მატერიალური სიკეთეები გელანდებათ ჩვენ სახლებში? გგონიათ, რომ ყველას აქვს თავისი სახლი?
ნეტავ ვინმეს თუ დაუთვლია, ნიკა გვარამია მერამდენე დირექტორია იქ მომუშავე ადამიანებისთვის? ნეტა ვის აქვს ილუზია, რომ გვარამია ამ ხალხს მის გვერდით დგომას აიძულებს?
ნეტავ ვის აქვს ილუზია, რომ მთავარია ტელევიზიაში "ფული ჩაასხა" და მერე ყველაფერი კარგად იქნება? რამდენი ფულიანი და ნულოვანი გავლენის არხი გაგახსენოთ უახლოესი წარსულიდან იმის დასადასტურებლად, რომ ეს ასე არაა?
ნეტავ როდემდე უნდა იძახოთ, რომ ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი ორის გადაფორმებით "არაფერი შეიცვლება"? რომ "არხი მუშაობას გააგრძელებს"? რომ "ეგ ზონდერები მოშორდებიან და არხი ხალხის სიყვარულს დაიბრუნებს?"
ნეტავ კიდევ რამდენმა უნდა ილაპარაკოთ ხალხს სახელით? ნეტავ კიდევ რამდენი ვერ ხვდება, რომ იყენებენ? ნეტავ კიდევ თუ გჯერათ, რომ 2012 წლის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" თქვენმა "პასტებმა" გაამარჯვებინა?
ნეტავ როდის აღარ უნდა მიცე უფლება სხვას - შენს მაგივრად გადაწყვიტოს?
მე არ მინდა, რომ ჩემს მაგივრად სხვამ გადაწყვიტოს. ამიტომ ვარ მხარე. ამიტომ ვიცავ იმ "რუსთავი ორს", სადაც უკვე მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ. ამიტომ მივალ ხვალ სასამართლოში. 11 საათზე. და სხვებსაც დაველოდები. იმათ, ვინც ეს ყველაფერი წაიკითხა და არ გაწითლდა.
იმათ, ვისაც ჩემსავით უყვარს "რუსთავი ორი"...