-
2015-10-08 18:27
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების მომხრე და აქტიური მხარდამჭერია. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "პირველი ნიუსი საქართველო" ავრცელებს.
როგორც „პირველი ნიუსი - საქართველოსთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, 2014 წელს გვიმრაძე „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერთან არჩილ ჭყოიძესთან ერთად, ევრაზიული კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ერევანში გაიმართა. როგორც ინფორმატორმა „პირველ ნიუსს“ უთხრა, შეხვედრებზე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მხარი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას დაუჭირა.
კონფერენციის შემდეგ გაიმართა პრივატული ვახშამი, სადაც არჩილ ჭყოიძესთან ერთად, ვახშამს გიორგი გვიმრაძეც დაესწრო. შეხვედრაზე ასევე იყვნენ კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაცია „რისის“ წარმომადგენლები. აღნიშნული ორგანიზაცია ანტიქართული განწყობებითაა ცნობილი.
ვახშმის მიმდინარეობისას, ევრაზიული კავშირის ერთ-ერთმა იდეოლოგმა საშა კრილოვმა, ჭყოიძეს და გვიმრაძეს საქართველოში ევრაზიული კავშირის პროპაგანდა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს რუს პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან შეხვედრაზე, გვიმრაძემ მხურვალე პრორუსული ტექსტი წარმოსთქვა, რომელსაც კონფერენციაზე მსხდომი მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
„ხელისუფლებამ ახალი მიზანი დაისახა, ააწყოს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნატოსთან ინტერგრაციის ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია. მეც ასე ვფიქრობ, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ბატონი ზურაბ აბაშიძის სახით, ამიტომ მე იმედი მაქვს რომ რუსეთთან ურთიერთობები უფრო სწრაფად დალაგდება ვიდრე ამას პროდასავლური სკეპტიკები წინასწარმეტყველებენ“ - ციტატა გვიმრაძის გამოსვლიდან.