-
2015-10-07 19:42
საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი დაფუძნდა. კავშირის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა დაცვა და მათი არჩევა-დანიშვნისა და სამსახურიდან დათხოვნის პროცესების მონიტორინგი.
პრესრელიზში, რომელიც პროფკავშირმა გაავრცელა, ნათქვამია:
"მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური და ნეიტრალური კადრებით, რომლთა შერჩევა უნდა მოხდეს კონკურსის საფუძველზე, ყოველივე ეს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ჩატარების გარანტი იქნება.
საარჩევნო ოლქებს და სხვა სტრუქტურებს ამის მაგალითი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მისცეს. სამწუხაროდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მრავლად არის ნეპოტიზმის ფაქტები, რაც მთავარია ამ გზით მიღებული კადრების კვალიფიკაცია სერიოზულ ეჭვს ბადებს, ეს უქმნის საფრთხეს არჩევნების გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელიწადია.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი იწყებს აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემების გასაჯაროებას და გაწვდით ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციაში ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ:

გიორგი შარაბიძე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ანა შეყრილაძე - გიორგი შარაბიძის მეუღლე, შტატგარეშე მოსამსახურე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში (მარტი 2014 - დეკემბერი 2014) თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი; შტატგარეშე მოსამსახურე ცესკოს სსიპ სწავლების ცენტრში (იანვარი 2015 - დღემდე) თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი
________________________________________________________________________________

გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი

თამარ კაპანაძე - გიორგი ჯავახიშვილის მეუღლე, სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში (2008 - დღემდე) თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარი
________________________________________________________________________________

ლილი აბუთიძე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი კონსერვატიული პარტიიდან

ლასიკო აბუთიძე - ლილი აბუთიძის შვილი, შტატგარეშე მოსამსახურე საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებაში (2014 - დღემდე) თანამდებობრივი სარგო - 800 ლარი

ფატმან აბუთიძე - ლილი აბუთიძის მული, #5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ივლისი 2015 - დღემდე) თანამდებობრივი სარგო - 780 ლარი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის წევრები ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა არსებულ პრობლემატურ საკითხზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მომავალშიც მოგაწვდით ინფორმაციას", - ნათქვამია პრესრელიზში.