
მიუნჰენში მყოფ ქიბარ ხალვაშს ქართველი ემიგრანტები დაუპირისპირდნენ, რის გამოც ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა ეკლესია, სადაც წირვაზე დასასწრებად მივიდა. ამის შესახებ გერმანიაში მყოფმა ერთერთმა ქართველმა ემიგრანტმა განაცხადა.
ნანული აბაკელიას თქმით, წირვის დასრულების შემდეგ ეკლესიაში, მისთვის მოულოდნელად, ქიბარ ხალვაში შენიშნა, რომელიც სანთლებს ყიდულობდა, რის შემდეგაც მასთან მივიდა და უთხრა, რომ ის საქართველოს მტრების საქმეს აკეთებს, როცა „რუსთავი-2“-ის მითვისებას ცდილობს. ნანული აბაკელიას თქმით, ხალვაშს „ბიძინას მონა“ უწოდა, რამაც ის წყობილებიდან გამოიყვანა და ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში იქვე მყოფი ქართველი მამაკაცები ჩაერივნენ და ქიბარ ხალვაშს იქაურობა დაატოვებინეს:
„ჩემი სათქმელი ვუთხარი, გაცოფდა, დაიწყო ყვირილი, მეც ავყვირდი და არ დავაკელი, რაც საჭირო იყო ხმამაღლა ყველას გასაგონად ვუთხარი,ის კი აგრძელებდა ხმამაღლა შეურაცხყოფას, რაც იქ მდგომმა ქართველმა მამაკაცებმა ვერ მოითმინეს და მოკლედ კარგადაც შეამკეს,რომ საქართველოს მტერია და მოღალატე, იცით რაზე გაცოფდა? როცა ვუთხარი ივანიშვილის მონა ხარ მეთქი, რაც სიმართლე იყო არ დავაკელი!
ასე გაბრაზებულმა და განადგურებულმა დატოვა იქაურობა! იცოდეს ხალვაშს და მისნაირებს ხალხის რისხვა დაატყდებათ ყველგან თავს,სადაც არ უნდა იყვნენ! კმარა გაჩუმება და უმოქმედობა, კმარა ასეთი ბანდიტების თარეში, სადაც არ წავლენ, ხალხისგან ელოდონ იმის საფასურს, რისი ღირსებიც არიან! ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ამ სამშობლოს გამყიდველებისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ, ქართველი ერი ყველას თავის ადგილს მიუჩენს საკადრისად!“, - აცხადებს ნანული აბაკელია.