-
2015-10-03 17:10
სასამართლოდან გათავისუფლებულმა გეგა გობეჯიშვილმა, რომელმაც "ჰოლიდეი ინში" მისვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს უჭერს, თუმცა, უეფას რეკომენდაციას ითვალისწინებს და ყრილობის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად სხვა დელეგატი იქნება.
"მე ჩემი პოზიცია გამოხატული მაქვს, რომ რეზის ვუჭერ მხარს და იმედი მაქვს, რომ ვინც იქნება ჩემს ნაცვლად, ისიც რეზის დაუჭერს მხარს. მე არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი შემცვლელი. მიზეზი უეფას დელეგატის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე თავიდან ბოლომდე ვემხრობი. როგორც უკეთესია, ისე გაკეთდეს", - განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა.
რაც შეეხება დაკავებას, მისი თქმით, საკუთარ სადარბაზოში დააკავეს, როგორც კი ბინიდან გამოვიდა: "მე მქონდა ინფორმაცია, რას ამზადებდნენ, მთელი ერთი კვირა არ გამოვსულვარ სახლიდან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხალხნო, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველას გვისმენენ და ამიტომ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ყველაფერზე",- თქვა გობეჯიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგა გობეჯიშვილი დელეგატად, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძემ ჩაანაცვლოს. სფფ-ს საარჩევნო ყრილობა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.