
ნარკოტიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებულ გეგა გობეჯიშვილს, რომელიც უკვე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, ადვოკატთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ "ფეისბუქზე" გობეჯიშვილის მეუღლე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.
ტვ "პირველის" ცნობით, გეგა გობეჯიშვილი საქალაქო სასამართლოში ინტერპოლის თანამშრომელმა შეიყვანა, მაგრამ ამ დრომდე არ ეძლევა ადვოკატთან შეხვედრის საშუალება. შესაბამისად, სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
ამ დრომდე არ დაწყებულა სფფ-ს საანაგარიშო ყრილობაც "ჰოლიდეი ინ"-ში, სადაც ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ძირითად კანდიდატებად რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი არიან მიჩნეული. არის მესამე კანდიდატიც - მამუკა კვარაცხელია.
რეზი არველაძე და მისი მხარდამჭერი, საარჩევნო ხმის უფლების მქონე დელეგატები რეგისტრაციაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება. არსებობს ვერსია, რომ ამ დროისთვის დელეგატების ხმები ზუსტად შუაზე იყოფა არველაძესა და კობიაშვილს შორის და გობეჯიშვილის ხმა გადამწყვეტია.
"ჰოლიდეი ინ"-ში იმყოფება უეფას წარმომადგენელი, იქვე არიან კახა კალაძე და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს კობიაშვილის მხარდამჭერთა აქცია. არაა გამორიცხული, რომ ყრილობა 24 საათით გადაიდოს.