
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელმაც კოდორში წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი რუსეთს შეაფარა, თანამოაზრეებს ეძებს, რათა ქუჩაში გასვლის შემთხვევაში "ქვეყნის გამყიდველ ნიკა გვარამიას" ჭკუა ასწავლონ. ამის შესახებ ემზარ კვიციანი "ფეისბუქზე" წერს.
„პატივცემულო თანამემამულენო, რაც გავთავისუფლდი ციხიდან, სადაც რუსთავი 2-ის დიდი დამსახურებით მოვხვდი, 7 წლისა და 7 თვის პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, ისევ რუსთავი2-ის დიდი დამსახურებითა და ცილისწამებით, მაინც თავს ვიკავებდი და ვცდილობდი არ მელაპარაკა იმ უმსგავსობასა და სამშობლოს ღალატზე, რასაც ემსახურებოდა რუსთავი2 და კერძოდ მისი ხელმძღვანელობა.
მე პირადად ვიყავი 2001 წელს ადამიანი, რომელმაც პირველმა მივირბინე მხარდასაჭერად რუსთავი2-ში,როდესაც უშიშროება შევიდა მათთან და გამოვხატე დიდი თანადგომა, რის სანაცვლოდ მე და ჩემმა ოჯახმა რაც მივიღეთ კარგად გვახსოვს. დღეს მოვისმინე პროკურორ ნიკა გვარამიას ბრიფინგზე გამოთქმული სიტყვები, პროკურორი გვარამიასი, რომელიც 9 წლის განმავლობაში სწორედ იმ ქართველ ხალხს აწამებდა და ციხეებში ალპობდა, რომელ ქართველ ხალხსაც დღეს მიმართავდა. სწორედ იმ ხალხს, რომელსაც რუსთავი2-იდან ცილს სწამებდა და ტალახს ესროდა.
რამდენ მათგანს გულიც გაუსკდა და ამ ურჩხული წარმონაქმნის ბოღმა თან გაჰყვა იმ ქვეყნად. ურცხვად ახსენებდა სიტყვის თავისუფლებას, რომელთანაც რუსთავი2-ს დიდი ხანია არაფერი აკავშირებს. რუსთავი2, როგორც ტელევიზია და სიტყვის თავისუფლების წყარო ქართველი ხალხისთვის გარდაიცვალა გიორგი სანაიასთან ერთად.დღეს გამოდიან პატრიოტი ქართველების მკვლელი, ცილისწამებით დამაინვალიდებელი ჯგუფი და კიდევ იმ ზემოთ ჩამოთვლილ დაზარალებულთა ჭირისუფლებსა და გამწარებულ ხალხს მოგვმართავენ და ჩვენი სახელით სპეკულირებენ.
მიმაჩნია და ვინც მეთანხმებით გამომეხმაურეთ, როგორც კი საქართველოს გამყიდველი ნიკა გვარამია შეეცდება ქუჩაში გამოსვლას და აქციის მოწყობას, ვასწავლოთ ჭკუა, რადგან სამართლიანობის აღდგენა არ ეჩქარება ხელისუფლებას და ვიღაც x-ი არ აძლევს უფლებას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ თვითონ მივუჩინოთ თავისი ადგილი!
ე.კვიციანი.01-10-2015 წელი. დიდება ღმერთს!!!“