
რეზო ჭეიშვილი ერთერთი ბოლო ინტერვიუში, რომელიც bookcityblog-ზე გამოქვეყნდა, თავისი ბავშვობის, შემოქმედების, ცხოვრების დეტალებს იხსენებს.
"სახლი, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი, დაუსრულებელი იყო, შემდეგ ომი დაიწყო და მისთვის ვიღას ეცალა. მამაჩემი წაიყვანეს ფრონტზე, დედაჩემს კი დავრჩით შვილები _ ჩვენ სამნი. ერთ დღეს, სახლის დაუსრულებელ ნაწილში, წიგნებით სავსე ორი დიდი ჩემოდანი ვიპოვეთ. როგორც გაირკვა, ვიღაცებს მოუპარავთ, რაღაც ძვირფასი ჰგონებიათ, შემდეგ კი, რომ ნახეს, წიგნების მეტი არაფერი იყო, ჩვენთან დატოვეს. სულ ვფიქრობდი, რომ მოაკითხავდნენ, მაგრამ აბა, ვის რად უნდოდა. ყველანაირი წიგნი იყო _ ქართული, რუსული. საკითხავი წიგნები. ეს იყო ჩემი პირველი ბიბლიოთეკა";
"მწერლებიდან დიუმას გამოვარჩევდი. ჩემთვის ყველაზე დიდი საკითხავი წიგნი კი სტენდალია _ `წითელი და შავი~. ახლა ჩემს დაწერილ წიგნებს ვკითხულობ უფრო ხშირად. `ომი და მშვიდობა~ მაქვს ხელით მთლიანად გადაწერილი, მთელი ექვსი ტომი. დიდ პატივს ვცემ ლევ ტოლსტოის".
"ჩვენ დროს რომ ყოფილიყო ტელევიზია და კომპიუტერი, ჩვენც აღარ დავწერდით არაფერს. მაგრამ ჩვენ დროს წიგნი და ჟურნალი იყო მხოლოდ. ბუნებრივი პროცესია. თუმცა, დღეს ისეთ ავტორებს თარგმნიან და ბეჭდავენ, ევროპელ მწერლებს, რომ ხანდახან სასიამოვნოდ გავოცდები ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ შეიკუმშება მწერლობა და რაღაც კასტასავით ჩამოყალიბდება. მწერლობას ეხმარება დრამატურგიაც.
ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა წავიდეს. ხალხი რომ წუწუნებს, ადრე სხვანაირად იყოო, არ არის მართალი. იმიტომაა ასე, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნათობების მოძრაობაზეა დამოკიდებელი შენი აზროვნებაც, გაქანებაც, მისწრაფებაც და შეშლაც ჭკუიდან".
"ცისფერ მთებში" არც სიყვარულია, არც კაცის კვლა, არც ჩხუბია, სიმღერაც კი არ არის. მხოლოდ ლაპარაკია და ბოლომდე უყურებ. უკრაინაში წავიღეთ და გასუსული უყურებდა მთელი დარბაზი. ვფიქრობდი, არ მოეწონებოდათ და ვნერვიულობდი. იქ არის ასეთი სცენა: ლიფტშია გაჭედილი ბატონი ვასო, რომელიც სცენარს კითხულობს. ბატონო ვასო, ჩვენ მივდივართო, _ ეუბნებიან. კარგით, წადითო, _ ლიფტშია გაჭედილი და ვერ გამოდის. მოუბრუნდა ერთი და ეუბნება: თქვენ აქ დარჩებითო? აქედან რომ დაიწყო ხალხმა ხითხითი, არ გაჩერებულან ბოლომდე.
თავიდან მოთხრობა იყო "ცისფერი ხიდები", რომელიც გადაკეთდა "ცისფერ მთებად". ხანდახან ვჯდები და მე თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე, იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა, დერეფანი იყო დიდი და სულ კარს აღებდა ვიღაცა, უკითხავად. შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ".
"იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, შეიძლება ის სიზმარშიც ვნახო, აუცილებლად უნდა დავწერო, სხვანაირად არ შეიძლება. ხელით რომ ვწერ, ცოტა დიდი ხანი მჭირდება, საბეჭდ მანქანაზე უფრო სწრაფად გამოდიოდა. ადრე საბეჭდ მანქანაზე პირველ ხელნაწერს ვბეჭდავდი ხოლმე შავად, შემდეგ იმასაც ვასწორებდი და უკვე დასრულებულ, თეთრ პირს ვბეჭდავდი. მანქანაზე გამოცდილი მბეჭდავივით ვმუშაობდი. ახლა ხელით ვწერ. კომპიუტერს არ ვიყენებ".
2015, აპრილი, ანა იმედაშვილი