
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგს ავთანდილ ჯიშკარიანს უმადლიან უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები თავიანთ წარმატებას.
როგორც სკოლის ერთერთმა ყოფილმა მოსწავლემ „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, სკოლის კურსდამთავრებულთაგან ძალიან ბევრმა 100%-იანი გრანტი მიიღო და ეს, უმთავრესად, სწორედ ავთანდილ ჯიშკარიანის დამსახურებაა, რომელიც დამამთავრებელი კლასის 28 მოსწავლეზე თანაბრად ანაწილებდა დროს.
მისი თქმით, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ეს მკაცრი, მომთხოვნი და სამართლიანი პედაგოგი, სკოლის გაკვეთილების გარდა, დამატებით, თავისივე სურვილით და აბსოლუტურად უფასოდ, ყველა მოსწავლეს შინ იბარებდა და დამატებით გაკვეთილებს უტარებდა მათემატიკასა და ზოგად უნარებში.
„გაახარებს ღმერთი, ათას დოლარამდე ჯდება ბავშვის მომზადება რეპეტიტორთან, სად ჰქონდა ჩემს ოჯახს ამდენი ფული, სხვებსაც ისე უჭირს, როგორც ჩვენ და ამ დროს ეს კაცი მხსნელად მოგვევლინა“, - ამბობს ერთერთი, 100%-იანი დაფინანსებით ჩარიცხული ყოფილი მოსწავლის მშობელი.
„აფხაზეთის ხმამ“ სკოლის მონაცემები და ზოგადად, ისტორია, არქივში და განათლების სამინისტროს კატალოგშიც გადაამოწმა.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი და მთელ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ემსახურებოდა. სასკოლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მოსწავლეები განსაკუთრებით წარმატებულები არიან ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. 2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამოვლენილ 30 საუკეთესო სკოლებს შორის 41-ე სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა. 2010 წელს ოლიმპიადაში 41-ე სკოლის 1100 მოსწავლე მონაწილეობდა.
ქუთაისის №41 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში 2008 წელს განხორციელდა.
ამჟამად სკოლის სრული დასახელებაა სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ.ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.
სტატისტიკის მიხედვით, მაგალითად, 2011-2012 სასწავლო წლებში სკოლის კურსდამთავრებულთაგან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების სურვილი 88 მოსწავლემ გამოთქვა და აქედან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი ყველამ გადალახა. 88 მოსწავლიდან მაშინ 22-მა 100%-იანი გრანტი მიიღო.