
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არ აღმოჩნდნენ ინფორმირებული თურქეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფერენებისთვის აზერბაიჯენისკენ გადასაადგილებლად საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ. ხიდაშელმა და იმერლიშვილმა რუსული ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის ქმედებას პროვოკაციული უწოდეს.
მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიდა ქართლში არა რუსეთის, არამედ თურქეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენები გამოჩნდნენ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, აზერბაიჯანში მიფრინავდნენ:
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენი გასულ კვირასაც ვნახეთ მსგავსი შემთხვევა, როდესაც გორში შემოფრინდა მათი საფრენი აპარატი. არ მაქვს იმის მოლოდინი,რომ ჩვენი მეზობელი შეწყვეტს ჩვენ პროვოცირებას, ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ გააჩეროს საქართველო", - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა დღეს, ვერტმფრენების გამოჩენის შესახებ კომენტარისას გააკეთა.
„ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის არა პირველი და არა ერთჯერადი პროვოკაცია, რომელსაც ახორციელებენ სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს კურსი არის შეუქცევადი. ხდება საჰაერო სივრცის დარღვევაც, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებაც, ხდება მცოცავი ანექსია და ეს ყველაფერი შეფასებულია არამხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ პრეზიდენტ ტუსკის მხრიდანაც ერთმნიშვნელოვნად პროვოკაციად,“ - განაცხადა დღესვე ირინა იმერლიშვილმა.