
ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა სუპერთასის ფინალის თბილისში გამართვის საკითხში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას დამსახურებას.
"...მინდა აღვნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს.
ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო - წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი - და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება...
არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს, და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს - ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ ... მთავრია მხოლოდ ის, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში - ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც", - აცხადებს კალაძე.