
ლომისის მამათა მონასტრის იღუმენი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უარყოფს რუს ჯარისკაცებთან დაპირისპირების ფაქტს და ამბობს, რომ რუსი სამხედროები იქ ხშირად გადმოდიან, რათა ეზიარონ, ხოლო ინტერნეტში ფოტოს არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა.
ლომისის მამათა მონასტრის იღუმენი მათე ჯულაყიძე ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცები ხშირად მოდიან ლომისის მამათა მონასტერში მოსალოცად, თუმცა რაიმე სახის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა:
"ჩვენთან ხშირად დადიან, მოილოცავენ და ეზიარებიან ხოლმე. ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჯარისკაცები დღესაც იყვნენ მოსულები. მათ ძაღლები ჰყავთ. როდესაც ისინი შემოვიპატიჟეთ, ძაღლები გარეთ დარჩნენ და ჩვენს ძაღლებთან იჩხუბეს.
ჯარისკაცი ავტომატის კონდახით აშველებდა ძაღლებს. სწორედ ამ დროს აქ ბავშვი იყო ამოსული, რომელმაც ეს სიტუაცია გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა და მიუწერია, რომ ბერებს აწიოკებენო. მე ველაპარაკე ამ ბავშვს და აიღო ეს სურათი."