-
2015-07-29 08:32
ცნობილი ქართველი მწერალი თამაზ ექვთიმიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო. მწერლის ნაწარმოებები მკითხველმა ჯერ კიდევ პერიოდული ლიტერატურული გამოცემებიდან გაიცნო და შეიყვარა.
ბატონი თამაზის პირველი მოთხრობა იყო "ამპუტაცია", რომელიც მან 1985 წელს დაწერა. მისი ნოველები და მოთხრობები იბეჭდებოდა "ლიტერატურულ საქართველოში", "პარნასში", "ცისკარსა" და "მნათობში".
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწერლის ნოველა "ერთხელ დავკალი მამალი", რომელიც ექვსჯერ დაიბეჭდა, მათ შორის, რუსულად და ბრაილის შრიფტითაც. 2004 წელს სწორედ ეს ნოველა შევიდა კრებულში "15 საუკეთესო ქართული მოთხრობა".
თამაზ ექვთიმიშვილი "საბას" პრემიის ლაურეატია, მან ეს ჯილდო 2011 წელს, საუკეთესო პიესისთვის ("პუანტები") მიიღო. ბატონი თამაზი კარგ მწერალთან ერთად კოლორიტი თბილისელი და გამორჩეული, თავმდაბალი პიროვნება იყო.
"აფხაზეთის ხმა" მწუხარებას გამოთქვამს თამაზ ექვთიმიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მწერლის ოჯახს, ახლობლებსა და ერთგულ მკითხველებს.
ვიდეო: წარმოგიდგენთ GeolibTV-ს რუბრიკას "იფიქრე ხმამაღლა", სადაც ბატონი თამაზი მივიწყებულ მწერლებზე, ნაწარმოებებსა და ერთ ლიტერატრულ ჟანრზე საუბრობს.