-
2015-06-23 07:43
biletebi.ge-ზე არსებული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ევროპის სუპერთასის ბილეთების ელექტრონული გაყიდვა დღეს, 13:00 საათიდან განახლდება. ამასთან, ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს აფრთხილებს, არ შეიძინონ "არარსებული ბილეთები" სხვადასხვა უცხოურ ვებგვერდებზე, სადაც ის ოთხჯერ, ზოგჯერ კი მეტად უფრო ძვირია.
საიტ biletebi.ge-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა დასრულებულია და ვებგვერდი მუშაობის განახლებას 13 საათიდან გეგმავს.
biletebi.ge - ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ ახალი აპარატურის დამონტაჟების შემდეგ, სისტემამ შიდა ტესტირება გაირა და ამ დროისთვის ყველა პრობლემა მოგვარებულია.
ვებგვერდმა მუშაობა გუშინ შეწყვიტა და ამის მიზეზად ტექნიკური ხარვეზის არსებობა და მომხმარებელთა მაღალი აქტივობა დასახელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განმარტეს, რომ "ბილეთები ჯი" პარტნიორად უშუალოდ უეფამ შეარჩია, რომელიც საქართველოში ეძებდა კომპანიას ვებგვერდით, ელექტრონული ბილეთების გაყიდვის გამოცდილებით, ასეთი კი მხოლოდ "ბილეთები.ჯი" აღმოჩნდა, რის შემდეგაც უეფამ უშუალოდ მასთან გააფორმა ხელშეკრულება და 45.000 ევრო საიტის შესაძლო ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გადაუხადა.