
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელსაც ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისში უნდა ჩაეტანა, ამ პატივზე უარს ამბობს და მიზეზად დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებსა და კონცერტს ასახელებს.
"ჩემთვის იყო დიდი პატივი მონაწილეობა მიმეღო ოლიმპიური ცეცხლის ანთებაში ჩემს მშობლიურ ქალაქში. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არნახული მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, დაღუპულია 19 და უგზოუკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
მადლობა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს, მეჩირაღდნის ფორმას სახსოვრად შევინახავ!", - წერს ელისო კილაძე.
ელისო კილაძის განცხადების პარალელურად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის საზეიმო ნაწილი არ ჩატარდება:
"ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანადგომას უცხადებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალელბულთა ოჯახებს და გაცნობებთ შემდეგს: ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტები და ჩირაღდნის საზეიმო მსვლელობები დროებით გაუქმებულია.
ყველა მუნიციპალურ ერთეულში ოლიმპიური ცეცხლი სიმბოლურად აინთება და ჩირაღდანი დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით გააგრძელებს მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.