-
2015-04-05 13:43
"მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ, რომ შევეგებო მარადისობის გასხივოსნებას!", - პროფილის გარეყდად პოლიციელ ბექა მარგიშვილის მიერ შერჩეული ეს სიტყვები მის პროფილს გარდაცვალების შემდეგაც შემორჩა. პოლიციელი, რომელიც კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა, ლექსებს წერდა და "ფეისბუქზე" აქვეყნებდა.
მისი ვირტუალური მეგობრებიდან ბევრმა არც იცოდა, რომ ბექა პოლიციელი იყო - ის საკუთარი ლექსებით გაიცნეს და შეიყვარეს. ბექა მარგიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში შეხვდებით მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც.
ბოლო ჩანაწერი ბექა მარგიშვილის პროფილში 19 მარტით თარიღდება:
AVE...
ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა, AVE...
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო,არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ,დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა,რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ...
ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი...
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა....ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო,გათენდა, AVE...".
მანამდე, 2 მარტს ბექა მარგიშვილმა ეს ლექსი გამოაქვეყნა:
"დავიკარგები,წავალ და წავალ...
ნეტავ იცოდე,რარიგ ვეწამე...
თუ მეტყვი, კარგო,დღეს რისთვის დავალ,
ხვალაც ვიცოცხლებ წუთის მესამედს.
ნუ მეტყვი ნუგეშს,მაინც არ მჯერა
ადამის მოდგმის ფერისცვალების.
გაზაფხულს ველი,ჩემო,ამჯერად,
რომ დავიბადო გარდაცვალებით!
არც ისე ცუდად,არც ისე კარგად,
არც ისე ძლიერ ხმაურობს სისხლი.
მე საიდუმლოდ გაგიმხელ ამბავს,
როს მთაწმინდაზე დაწვება ნისლი.
როს მშობიარე ხეების ტანში
დაიბერება ვნება აპრილის,
დაიყვავილებს...და მერე ქარში,
ხარჭა ქალივით, ბაღებს დაივლის.
როს მომღიმარი მზეები ციდან,
გადმოაფრქვევენ ფერებს სიცოცხლის
და ამოხეთქავს დედამიწიდან
მწვანე სიმბოლო მარადისობის!
გაზაფხულისთვის მეცოცხლა მსურდა...
და ახლაც მოვალ,მოვალ წვალებით.
მე ნარიყალას გავცქერი მუდამ,
ძველი მეტეხის ვგმინავ ზარებით."