-
2015-04-03 08:49
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხვამლის მთის საიდუმლოების ამოხსნასა და ამ მისტერიულ მთაზე არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში მიმდინარე აქციისას განაცხადა.
თემაზე სტატიას for.ge აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის ციტატაც მოჰყავს:
„ლეჩხუმი ის მხარეა, რომელიც, ვინ იცის, უამრავ გასაოცარ საიდუმლოს ინახავს და დღემდე არავის უმხელს. მიხვდით ალბათ, რომ ხვამლის მთაზე მოგახსენებთ.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ხვამლის მასივში, მისი გამოქვაბულების სიღრმეში, ინახებოდა ქართველ მეფეთა საგანძური, რომელიც ჯერაც არ არის გამოკვლეული. ამ მთას, სხვათა შორის, თურმე, ანტიკური ავტორებიც იცნობდნენ“.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, აქ მართლაც საოცარი აღმოჩენები გველოდება. უამრავი ლეგენდაა ხვამლის მთასთან დაკავშირებული. ამ ლეგენდების მიხედვით, ამირანი მის სიღრმეში, კლდეზე იყო მიჯაჭვული.
ივანიშვილის მიზანია, რომ ჯერ კიდევ გამოუცნობად დარჩენილი წარსული შეისწავლოს. მისი თქმით, არაერთი ქართველი მეცნიერ-არქეოლოგი დაინტერესებულა ხვამლის მთის პრობლემით, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლეს.
„ასეთი კეთილშობილური ოცნებების ასრულებაზე თუ არ ვიზრუნეთ, რაღა „ქართული ოცნება“ ვიქნებით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი.
კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. ლეჩხუმის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“
for.ge