
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მიმართ ძაღლის ერთგულების არაერთი ცოცხალი მაგალითი არსებობს, 15 მარტს მექსიკაში მომხდარმა ფაქტმა ჯერ მექსიკა, მერე კი სრულიად მსოფლიო ინტერნეტსივრცე შეძრა...
ხანდაზმული მარტოხელა ქალი მარგარიტა სუარესი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და ნათესავებმა მისი სახლისგან ოდნავ მოშორებით მდებარე დამკრძალავ ბიუროში დაასვენეს. ერთ ღამეს, როცა ნათესავები გარდაცვლილის კუბოსთან ისხდნენ და ღამეს ათევდნენ, მოულოდნელად ოთახში სამი ძაღლი შემოვიდა. ისინი კუბოს მიუახლოვდნენ, რამდენჯერმე დაიწკმუტუნეს, შემდეგ კი უკან დაიხიეს და ზღურბლის სიახლოვეს წამოწვნენ, თავი წინა თათებზე დაიდეს და კუბოს მიაჩერდნენ.
ოთახში მყოფები თავდაპირველად შოკში ჩავარდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ეს ძაღლები სწორედ ისინი იყვნენ, ვისაც მარგარიტა სიცოცხლეში კვებავდა ხოლმე. ვინ ვინ და ნათესავებმა იცოდნენ, რომ ქალბატონ სუარესს თითქმის ყოველდღე დაჰქონდა საჭმელი ძაღლების თავშესაფარში, ხოლო სახლიდან ისე არ გავიდოდა, თან საჭმლის ნარჩენებით სავსე ქაღალდის პარკი არ წაეღო, რომელსაც გზაში შეხვედრილ ძაღლებს უნაწილებდა.
გარდაცვლილის ნათესავებისთვის მხოლოდ ის დარჩა ამოცანად, ძაღლებმა როგორ მიაგნეს ბიუროს, სადაც ქალბატონის ცხედარი ესვენა... ერთი ღამის გათევის შემდეგ სამივე ძაღლი წავიდა და კიდევ ორი ძაღლი "მოიყვანა". ოთხფეხა მეგობრებმა ბოლომდე მიაგეს პატივი მარგარიტა სუარესს: ბოლო დღემდე ისინი ოთახში მორიგეობდნენ, ხოლო დაკრძალვის დღეს მანქანას უკან გაჰყვნენ...
მომზადებულია "დეილი მეილის" მიხედვით