რაიაღმასკომი, პრეფექტურა, გამგეობა, პარლამენტი და... სპორტი - დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის ოცნების გზა

Image

პროფესიით ეკონომისტსა და სპეციალობით  მატერიალურ - ტექნიკური მომარაგების ეკონომიკისა და დაგეგმვის სპეციალისტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს სპორტთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ სპორტის კომიტეტის წევრია და კიდევ ის, რომ საქართველოს პარლამენტის ნაკრების შემადგენლობაში იყო, როცა ქართველი კანონმდებლები თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდნენ და სამივე შეხვედრა წააგეს.

 

ვანელი დეპუტატის „საფეხბურთო აკვიატება“ ვანშიც ძალიან უკვირთ, რადგან იქ ლორთქიფანიძეს ნამდვილად არ იცნობენ სპორტული აქტივობის კუთხით:

 

„ან სპორტის კომიტეტში რას აკეთებს, ან ამ ფეხბურთის ფედერაციას რას გადაეკიდა, ვერაფერი გავიგეთ. ქვა ქვაზე არ დაუდია ვანში და ამ მამაცხონებულს, სიჭინავას ეპაექრება კი არა, ვანში ერთი საფეხბურთო მოედანი გაეკეთებინა ბავშვებისთვის“, - ამბობენ ვანელები თავიანთ დეპუტატზე და მისი ცხოვრების დეტალებს იხსენებენ.

 

ხანშიშესულ ვანელებს ახსოვთ, სად მუშაობდა და რით იყო გამორჩეული ლორთქიფანიძე:

 

„ეს კაცი უნიკალურია: კომუნისტების დროს ვანის რაიაღმასკომში მუშაობდა, გამსახურდიას დროს პრეფექტურაში, შევარდნაძის დროს გამგეობაში ეკავა რაღაც თანამდებობა, ახლა კი დეპუტატია, მაგრამ ვანისთვის რას აკეთებს, ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს ვანელი, სამოცს გადაცილებული მამაკაცი.

 

„ვანისთვის სად სცალია, ფეხბურთის ფედერაცია აქვს დასალაგებელი“, - ამატებს მისივე ასაკის მეორე მამაკაცი.

 

ვანელები იმასაც იხსენებენ, რომ პრეზიდენტის არჩევნების დროს, 2013 წელს, ლორთქიფანიძე ვანში, საარჩევნო უბნებზე არც კი მიუშვეს:

 

„თავად პარტიიდან დარეკეს, თბილისიდან, ეგ უკვე გარიცხულია პარტიიდან და არ გააკაროთ უბნებსო“.

 

დავით ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნებიდან“ მართლაც უპირებდნენ გარიცხვას. ამის მიზეზი დავით საგანელიძესთან მისი კონფლიქტი იყო. ის დავით საგანელიძესთან დაპირისპირებულ ჯგუფში აღმოჩნდა.  როგორც მაშინ მედია წერდა, საგანელიძეს საქმეც კი გაურჩიეს, რადგან დეპუტატთა ნაწილმა ჩათვალა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან ენა მიჰქონდა. ერთ სტატიაში იმაზეც იყო საუბარი, რომ მურმან დუმბაძემ და დავით ლორთქიფანიძემ საგანელიძეზე საცემრადაც კი გაიწიეს, თუმცა, თანაპარტიელებმა დროზე გააჩერეს.

 

საერთოდ, საჩხუბრად გაქაჩვა რაიაღმასკომის ყოფილი თანამშრომლისთვის უცხო არ არის. ერთხელ ის პარლამენტის ხდომაზეც გაექაჩა ლევან ბეჟაშვილს, ამ უკანასკნელისგან კი საპასუხო რეაქცია მანამდე მიიღო, სანამ სხვები ჩაერეოდნენ. პრესამ მაშინაც ვრცლად გააშუქა დეტალები. ბეჟაშვილი და ლორთქიფანიძე მანდატურებმა გააშველეს და დარბაზიდან ცალ-ცალკე გაიყვანეს. მედია მაშინ ლორთქიფანიძეს „დაზარალებულად“ მოიხსენიებდა, რაც მას აღიზიანებდა - ეგ ნაცემს ნიშნავსო...

 

მოკლედ, როცა საკუთარი გუნდის შიგნით პოლიტიკური ინტრიგების ხლართვით არაფერი გამოუვიდა, დათო ლორთქიფანიძემ მიიხედ-მოიხედა და ფეხბურთის ფედერაციას დაადგა თვალი. ის გადაიქცა ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ლამის პირად მტრად და ფედერაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეტენზიის გამომხატველად, ამავე დროს, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის ფარად: მინისტრს თავად არ სჭირდება ყოველწუთს ფედერაციაზე საუბარი და მინიშნება ნაციონალებისკენ, ამას დეპუტატი აკეთებს...

 

იმის მიუხედავად, რომ თვით სპორტთან ასე თუ ისე ახლოს მდგარი კახა კალაძეც კი რადიკალურად ვერაფერს ამბობს და აცხადებს, რომ „ფედერაციის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული კითხვები არსებობს“, ლორთქიფანიძე ჯიუტად აკეთებს განცხადებაზე განცხადებას და ამტკიცებს, რომ ზვიად სიჭინავა ფედერაციის წესდებას არღვევს.

 

ბოლო განცხადება ლორთქიფანიძემ იანვარში გააკეთა:

 

„ფეხბურთის ფედერაციაში გვაქვს საკმაოდ არაორდინარული ვითარება, შეიძლება ითქვას - ტრაგიკულიც. საქართველოს არც ერთ ფედერაციას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, ყრილობა დათქმული ვადის იქით გადაეწია. ფეხბურთის ფედერაციაში კი ცდილობენ, წესდების უგულებელყოფით, სათავეში ყოფნის პერიოდი რამდენიმე თვით გაიხანგრძლივონ.

 

2015 წლის 22 იანვარს სიჭინავას პრეზიდენტობის 4 წელი უსრულდება... უფრო სწორად, 4 წელი დანიშვნის დღიდან, რადგან ის მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

 

აბსოლუტურად გაუგებარია, სიჭინავა რის საფუძველზე ცდილობს, არჩევნები 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში დანიშნოს. ამით ის საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

 

„აფხაზეთის ხმა“ მაშინ ამ საკითხებზე კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას დაუკავშირდა:

 

„ბატონ დეპუტატს მინდა შევახსენო, რომ წესდებაში არსად წერია თარიღი, როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს - მითითებულია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს 2015 წლის განმავლობაში და ასეც იქნება. საინტერესოა, რის საფუძველზე ასკვნის ბატონი ლორთქიფანიძე, რომ არჩევნები მაინცდამაინც ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება? მე არჩევნების თარიღი არსად, არცერთ ინტერვიუში ან განცხადებაში არ დამისახელებია და იბადება კითხვა: რატომ ამტვრევს დეპუტატი ღია კარს?

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2009 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და არჩეულ იქნა სფფ-ს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილების ვადა ასევე 4 წლით განისაზღვრებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომი არჩევნები 2011 წლის 22 იანვარს ჩატარდა და საპრეზიდენტო ვადა ფაქტიურად განახევრდა.

 

ფეხბურთის ფედერაციის წესდების თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტი არჩეულია ფედერაციის სუბიექტების მიერ.

 

როგორც პარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, გარკვეული რაოდენობის ხმებით შეიტანონ ცვლილებები კანონში, ასევე ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს აქვთ უფლება, შეცვალონ წესდება და რადგან ამის სურვილი არავის უჩნდება, ესე იგი, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

 

საოცარია და პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებს ბატონი ლორთქიფანიძის მიმართვა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისადმი: კოალიცია, რომელსაც წარმოადგენს ბატონი ლორთქიფანიძე, მმართველი ძალაა, ის ხელისუფლებაშია წარმოდგენილი.

 

ანუ, რა გამოდის? მმართველი პარტია მიმართავს მმართველი პარტიის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობის წარმომადგენელს, მიხედოს ფეხბურთის ფედერაციას?

 

ბატონ დეპუტატს არ აწყენდა, გადაეხედა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებისთვის, როგორ მოქმედებს უეფაში ქვეყნის იმიჯზე ამგვარი პოლიტიკური ჩარევები ფეხბურთის ფედერაციაზე, რომელიც დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტია. პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის ფედერაციის შიდა საქმიანობა, რომელიც რეგულირდება წესდებით და კიდევ ერთხელ შევახსენებ ბატონ ლორთქიფანიძეს, რომ ეს წესდება სრულ შესაბამისობაშია უეფას და ფიფას დებულებასთან.

 

და სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს გამართული წესდება, გამართული მენეჯმენტი და პროფესიონალთა გუნდი, უეფამ მისი ეგიდის ღონისძიებებიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების - უეფას სუპერთასის ფინალის ჩატარება საქართველოს დედაქალაქში გადაწყვიტა.

 

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, კიდევ ერთხელ და გასაგებად ვიმეორებ:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობას განსაზღვრავს ყრილობა და არჩევნების საკითხს მათ შორის პრეზიდენტის არჩევნებს.

 

ხოლო არჩევანის გაკეთების უფლებამოსილება გააჩნია ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტებს და მხოლოდ მათ აქვთ ლეგიტიმური უფლება ისაუბრონ არჩევნებზე, წესდებაზე, მართვაზე და სხვა საკითხებზე , რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებით არის განსაზღვრული.

 

არჩევნები ჩატარდება ფეხბურთის ფედერაციის წესდების სრული დაცვით, ხოლო თუ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა არღვევს კანონს, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და დეპუტატს შეუძლია, მათ მიმართოს, მით უმეტეს, სახელმწიფო სტრუქტურებზე ზემოქმედების მექანიზმები მას გააჩნია, როგორც პარლამენტის წევრსა და, მით უმეტეს, როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენელს“, - თქვა სიჭინავამ.

 

იურიდიული სამსახურის უფროსი კესო ჩხიკვაძე ლორთქიფანიძეს საქართველოს კონსტიტუციის არცოდნაში ადანაშაულებს:

 

_  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულების მიხედვით (თავი IV. კომიტეტის უფლებამოსილება მუხლი 11) კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

 

კომიტეტი კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში:

 

ა) შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ქმნის სათანადო პირობებს სპორტული ტრადიციების შენარჩუნებასა და დაცვისათვის;

 

ბ) უზრუნველყოფს ახალგაზრდობის, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორის სტიმულირებას სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;

 

გ) ამზადებს სპორტის განვითარების, მეცნიერული კვლევისა და სპორტული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს;

 

დ) ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ასოციაციების, კავშირების, ფედერაციების საქმიანობას;

 

ე) უზრუნველყოფს სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებას, მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას;

 

ვ) კოორდინაციას უწევს ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავებას;

 

ზ) უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომ განვითარებას;

 

თ) აწესებს კონტროლს შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე;

 

ი) კოორდინაციას უწევს ახალგაზრდული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

 

ლ) შეიმუშავებს ძირითად მიმართულებებს პატრიოტულ – აღმზრდელობით საქმიანობისა და ქართულ არმიაში სამსახურისათვის ახალგაზრდობის მოსამზადებლად;

 

მ) მუშაობს ახალგაზრდობის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე;

 

ნ) ხელს უწყობს სპორტსმენთა პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნასა და მის დაცვას;

 

ო) შეიმუშავებს ახალგაზრდობის სამართლებლივ, ეკონომიკურ და სოციალურ კომპლექსურ ღონისძიებებს;

 

ამ დებულების მიხედვით, ბატონ დავითს და ზემოხსენებულ კომიტეტს უდიდესი მისია აკისრია ქართული სპორტის წინაშე, ალბათ, დღედაღამ შრომა სჭირდება კომიტეტს და ბატონ დავითს, სპორტის წინაშე დაკისრებული მისია რომ შეასრულონ.

 

მისი, როგორც სახელმწიფო მოხელის პირდაპირი ფუნქცია, სპორტის კანონის ფორმირებაა, საკანონმდებლო ბაზის შექმნაა, რომელიც სპორტს საქართველოში კანონით რეგულირებადს გახდის, სწორედ, სპორტის საპარლამენტო კომიტეტი უნდა ქმნიდეს სპორტში ძლიერ სამართლებრივ მექანიზმს, დამოუკიდებელი და დეპოლიტიზირებული იყოს საქართველოში სპორტი და სპორტული ორგანიზაციები, სპორტის კომიტეტი უნდა იყოს გარანტი სპორტულ ორგანიზაციებში არჩევნების თემაზე ისაუბროს მხოლოდ იმ პირებმა, რომელთაც ხმის უფლება გააჩნიათ თავიანთ სპორტულ ორგანიზაციებში.

 

დებულებაში უწერიათ კიდეც ეთიკის ნორმების დაცვა, როგორ ფიქრობთ, ეთიკურია ფეხბურთის ფედერაციის 35 სუბიექტის (ამომრჩეველის) ნაცვლად პარლამენტის წევრმა, სპორტული კომიტეტის წევრმა აკეთოს განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის შესახებ?

 

კარგ იმიჯს შეუქმნის ეს ჩვენს სახელმწიფოს? _ ამბობს ჩხიკვაძე, რომელსაც ლორთქიფანიძის სიტყვებზე _ "ქვეყანაში ამ სფეროს პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს. მსურს, მინისტრ ლევან ყიფიანს გულშემატკივრებისა და პირადად ჩემი სახელით მივმართო - დაინტერესდეს, რა მდგომარეობაა სფფ-ში, შექმნას სამუშაო ჯგუფი... გაირკვევა, რომ წესდებას უხეშად არღვევენ და ყრილობა, მაქსიმუმ, იანვარ-თებერვალში უნდა ჩაატარონ"  _ პირადი მოსაზრებები აქვს:

 

_ ამ სიტყვების ავტორი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძეა, რომელიც ასე თამამად მოუწოდებს სპორტის მინისტრს დაარღვიოს კანონი, ჩაერიოს დამოუკიდებელი იურიდიული პირის საქმიანობაში. მეც იმ ათასებში ნაწილი ვარ, ვინც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემი არჩეული პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ისე აზროვნებს, როგორც "ნაციონალური" პარტიის წევრი, _ აღნიშნავს ჩხიკვაძე და პარლამენტის წევრს რჩევასაც აძლევს:

 

"განა, რა მოგწამლათ ასე "ნაციონალებმა", რომ თუ არა ძალმომრეობა, თავისუფლების შეზღუდვა, სხვანაირად აღარ შეგიძლიათ? გულწრფელად გირჩევთ, როგორც თქვენი ამომრჩეველი და რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის, სამაგიდო წიგნად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდება კი არა, საქართველოს კონსტიტუცია აქციოთ“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !