
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, საპარლამენტო ფრაქციის ყველა ხელმძღვანელი ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართონ.
„ინგა გრიგოლიამ კი თქვა, არ მგონია, რომ გია ვოლსკის განცხადებას ყველა ეთანხმებოდესო, მაგრამ ეს არის ფრაქციის ყველა ხელმძღვანელთან შეთანხმებული პოზიცია.
გადავწყვიტე, გამერკვია, ვინ გააკეთა ასეთი ზარი ჟურნალისტთან, ან მისი გადაცემის პროდიუსერებთან. იქნებ, მართალიც იყო წამყვანი, რომ ვიღაცამ იკადრა ასეთი რამის გაკეთება.
ნებისმიერი მედიასაშუალება დაზღვეული უნდა იყოს, რომ სამთავრობო სტრუქტურებიდან მითითება ვერავინ გაბედოს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი პოლიტიკა.
კონკრეტული პერსონები შერჩეულნი არ იყვნენ, თუ ვის უნდა მიეღო გადაცემაში მონაწილეობა.
ზარი განხორციელდა ჩვენს პრესსამსახურთან, მოვილაპარაკეთ, რომ 20 მარტს დებატების ფორმატში უმრავლესობის წევრების მისვლა საჭირო არ იყო, ისედაც აწეული გახლდათ პოლიტიკური ტემპერატურა, თუმცა, როგორც გავიგეთ, მთავრობიდან მიწვეული იყო ლევან იზორია, რომელიც ყველა კითხვას პასუხს გასცემდა. პრესსამსახურმა მოახსენა, რომ ჩვენი უფლებაა, არ მივიღოთ მონაწილეობა.
როცა სახლში მივედი, გვიანი იყო და ვერ მოვახერხე ტელეფონის ზარებისთვის და სმს-ებისთვის მეპასუხა. დუტა სხირტლაძისგან იყო მოსული სმს-შეტყობინება, ხომ არ ინებებდით გადაცემაში მონაწილეობასო. როგორც ჩანს, ის გადაცემა “იმედის კვირაში“ მიწვევდა, რაც შეეხება გადაცემა “რეაქციას“, პირადად მე, მოწვევა არ მქონია“, – აცხადებს დეპუტატი “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მისგან კატეგორიულად მოითხოვა გადაცემის თემის შეცვლა.
დეპუტატმა გია ვოლსკიმ ინგა გრიგოლიას ამ განცხადებას საფუძველს მოკლებული უწოდა და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართა იმსჯელონ, მათი კოლეგის განცხადების მართებულობაზე.