
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ბოლო დროს „ფეისბუქზე“ ხშირად გაზიარებულ, სასულიერო პირების მიერ გამოქვეყნებულ სტატუსებს ეხმიანება, სადაც მთავარი მოტივი საქართველოს რუსეთისკენ სვლაა და არა ევროპისკენ.
შეგახსენებთ, ყველაზე მეტად ამ კუთხით სხალთის ეპისკოპოსი აქტიურობს, რომელიც რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მოწიწებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მას ეკუთვნის ფრაზა: „რუსეთი გერჩისო ბატონად, ზნეობრივად ვერ გაგრყვნის“, ასევე გამონათქვამი: "ვინც ლანძღავს და აგინებს რუსეთს, იმას ქართველი როგორ ვუწოდო?"
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები წერს:
„მე შემაძრწუნა ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა სასულიერო პირის ეპისკოპოსის ქადაგებამ .არ ვიცი არის თუ არა ეს მართალი, ძნელი დასაჯერებელია, და თუ მართალია, მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ერთგული და იქნება კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მოწამეობრივი ღვაწლისა.
და თუ დღეს რომელიმე მღვდელი ან ეპისკოპოსი მოუწოდებს საქართველოს რუსეთის მონობისკენ სამწუხაროდ ამით პატივს არ ცემს ჩვენს წინაპრებს რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ასევე სახელს უტეხს ეკლესიის ავტორიტეტს.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარნი კათოლიკოს პატრიარქი და სამღვდელოება დაუღალავი შრომითა და ლოცვით მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ქვია. და ამ წმინდა გზაზე ინებოს ღმერთმა მალე გავსულივყვეთ. გამთლიანებულიყვეს და გაძლიერებულიყვეს საქართველო.
ამინ: იოსები, შემოქმედელი მიტროპოლიტი“.