
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია და მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია ჟურნალისტებთან ერთად განახორციელა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
ამ საკითხისადმი მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, დღეს, 12 მარტს, 11 საათზე გაიმართა მედია სემინარი, რომელზეც ჟურნალისტებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს.
სემინარი გახსნა და ჟურნალისტებს მიესალმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ბ-ნი თენგიზ კალანდაძე. მან ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე 2015-2020 წლების განმავლობაში და ამ სტრატეგიის პროგრამაზე - „სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, მის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ამ მიმართულებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ლაშა ავალიანმა ჟურნალისტებს წარუდგინა პრეზენტაცია „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაცია“ და დაწვრილებით ესაუბრა ამ თემაზე.
სემინარის დასასრულს მოეწყო მედიატური ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციისა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის პროცესს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის ინფორმირებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მომავალშიც გამართავს მედიასემინარებსა და მედიატურებს.