
2011 წელს „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია - „ხელისუფლების დამხობის ოქროს სცენარი“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „აკრედიტაციის გარეშე“-ს აკეთებდა, მაყურებელს არწმუნებდა, რომ „პრაიმტაიმმა“ სისხლიანი გადატრიალების სცენარი უბრალოდ შეთხზა და სინამდვილეში მსგავსი არაფერი იგეგმებოდა.
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა კი დაადასტურა, რომ მაშინ „პრაიმტაიმი“ არათუ „შეთხზულ სცენარს“, არამედ რეალურ ინფორმაციას აქვეყნებდა.
აი, რას წერდა მაშინ „პრაიმტაიმი“
„დაანონსებული რევოლუციის დაუანონსებელი დეტალები. მოსკოვი (ამჯერად უკვე) სისხლიანი რევოლუციისთვის ემზადება. ერთერთი ინფორმაციით, საინფორმაციო მხარდაჭერა „მაესტრომ“ უნდა უზრუნველყოს, ოქრუაშვილის აქტივისტები კი პროვოკაციებისთვის ემზადებიან.
ჩვენი ინფორმაციით, ორი რევოლუციური ფლანგიდან ქუჩაში პროცესებს პირველად „გრეჩიხას“ „სასტავი“ უხელმძღვანელებს. ბურჯანაძის სახალხო კრებას დროებით გვერდით ჩააჩოჩებენ. გეგმის მიხედვით, ლოკალურ აქციებს ახალგაზრდების ის ჯგუფი დაიწყებს, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილია თავისი რადიკალიზმით. საუბარია ჯაბა ჯიშკარიანსა და მის ირგვლივ შემოკრებილ ბიჭებზე, რომლებიც ყოველთვის, წარსულშიც და ახლაც, „გრეჩიხას“ ორბიტაზე მოიაზრებიან.
ამ ჯგუფის მონაწილეობით, იწყება ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახლებში მივარდნები. თავდასხმის ობიექტები წინასწარაა განსაზღვრული: წყნეთის სამთავრობო აგარაკები, სახელმწიფო დაწესებულებები, ცენტრალური მაგისტრალები. ხელისუფლების მხრიდან არასანქცირებული აქციის აღკვეთას კი უნდა მოჰყვეს ფართომასშტაბიან მიტინგებზე ხალხის მოპატიჟება. გამოცხადდება კონკრეტული თარიღიც…
აქ საქმეში უკვე ე.წ. 50-ათასიანი ჯარი ერთვება, რომლის ფორმირებასაც „ქართული პარტია“ ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად ცდილობს. ფართომასშტაბიანი აქცია ტრადიციულად რუსთაველზე, პარლამენტის წინ იღებს სტარტს. პარალელურად ლიდერები საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ. ერთდროულად ხდება რამდენიმე სტრატეგიული ობიექტისა და ცენტრალური ქუჩის პიკეტირება. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ასევე, განიხილება რკინიგზის გადაკეტვაც.
მოვლენების პიკზე წინასწარ შერჩეული ჯგუფი ახდენს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის იმიტაციას, რა დროსაც ხდება გასროლა! მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნა უნდა გახდეს საერთო აჯანყების, მასობრივი არეულობისა და სახალხო მღელვარების საბაბი. ამ სცენარის ავტორები აქ უკვე სხვა ოპოზიციური ძალების ჩართვასაც ვარაუდობენ.
გათვლა მარტივია: ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უპრეცედენტო ვანდალიზმით აღშფოთებული უბრალო მოქალაქეები იწყებენ პოლიციასთან დაპირისპირებას. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ არეულობის პერიოდში იგეგმება საქართველოში ამბოხების მთავარი ავტორის, ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლა, რომელიც ვანო მერაბიშვილს – იარაღის დაყრისკენ, პრეზიდენტს კი პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებს. დედაქალაქში მიმდინარე სროლებს თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადასცემს ტელეკომპანია „მაესტრო“…
მოკლედ, ამ გეგმის ერთგულები რეალურად საქართველოში არაბულ ქვეყნებში განვითარებული პროცესების გამეორებას ვარაუდობენ. სახიფათო თამაშები კი შესაძლოა, საბოლოო ჯამში, საერთოდ არ შედგეს. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ, სანამ „ძარღვებში სისხლი აჩუხჩუხდება“ საზოგადოებამ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი იხილოს“, – წერდა 2011 წელს „პრაიმტაიმი“.
ასეთი ფარული ჩანაწერები მართალია, 4 წლის შემდეგ, მაგრამ საზოგადოებამ მაინც იხილა. ამავე ჩანაწერებში ოქრუაშვილი და ხაბურძანია ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფინანსებასა და ვანო ჩხარტიშვილთან კავშირებზე საუბრობენ, რაც ასევე ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალა თუ არა აზრი ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, რომელიც სტატიის ავტორს დეზინფორმაციის გავრცელებაში მდებდა ბრალს. ირკვევა, რომ რამიშვილის პოზიცია კვლავაც ურყევია. ჟურნალისტი გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვის თვალით უყურებს.
ეს ჩანაწერები ვნახე. რახან „რუსთავი 2“-მა გაუშვა ეს სისულელე, არ ნიშნავს იმას, რომ, მე მტყუანი ვარ და თქვენ მართალი აღმოჩნდით. დავიწყოთ იმით, რომ მაშინ თქვენი გაზეთიც და „რუსთავი 2“-ც თხზავდა რაღაც ამბებს. ამას ახლაც აკეთებს „რუსთავი 2“, რომელიც ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. ეს ტელევიზია ახლაც ეწევა პროვოკაციულ პროპაგანდას. სრული აბსურდია. ორი ნაკლებად აქტუალური პოლიტიკოსი რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობს, რაც არაფერს ნიშნავს. ამას არ აქვს რაიმე მტკიცებულებითი ბაზა. მიმაჩნია, რომ ეს არის იმ პროვოკაციების გაგრძელება, რასაც წლების განმავლობაში მიმართავდა „რუსთავი2“. – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.