
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე მის ნათლულებსა და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა - მოიძიონ გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები, მოუარონ და 7 მარადმწვანე ხე დარგონ.
„ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები.
მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი.
გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით.
მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები.
7 მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე", - ბრძანა პატრიარქმა.