
როგორც „ალია“ წერს, მთავრობის სხდომაზე დაბარებული დავით ნარმანია ყველანაირად ცდილობდა თავის მართლებას, ჯოკია ბოდოკია არც ჩემი კლასელია, არც თანასოფლელი, არც მეგობარი და არც ჩემი ძმა გახლავთ მისი ადვოკატიო.
ცოტაღა დააკლდა, ეთქვა, ამ ადამიანს საერთოდ არ უმუშავია მერიაში, გეჩვენებათო.
და მაინც, საიდან მოხვდა მერიაში ეს ადამიანი, ან „ქართულ ოცნებაში“?
„მამამისი ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, დავით ნარმანიას მისი კანდიდატურა ვიღაცამ ჩააწოდა. კიდევ ერთი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოდოკია კუკავას პარტიელი დეა ადამიას საქმროაო.
ეს ის დეა გახლავთ, რომელიც „ჯეოსტარში“ მონაწილეობდა და შემდეგ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ზოგი ჭირი მარგებელია, ამ შემთხვევამ ის კიდევ ერთხელ გამოიყვანა ასპარეზზე, თორემ პოლიტიკაში თუ იყო, აღარავის ახსოვდა.
როდესაც მას ჟურნალისტებმა დაურეკეს, იქით დაადო ვალი: „რა უფლებით ერევით ჩემს პირად ცხოვრებაში?! ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ჯოკია ბოდოკია არის უპატიოსნესი, უწესიერესი პიროვნება, ალბათ, ეს ყველაფერი გაუჩალიჩეს!“
სიმართლეს ამბობს დეა ადამია, ჯოკია ბოდოკიასთვის თანამდებობა რომ არ „გაეჩალიჩებინათ“, ახლა ციხეში არ იჯდებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). მიუსჯიან თუ არა ბოდოკიას ორთვიან წინასწარ პატიმრობას, ამას სასამართლო გადაწყვეტს“, - წერს „ალია“.