
საქართველოს პირველი ქალბატონი (2004-2013წწ), ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ("ჩუჟოი") ოჯახს მოულოდნელად ესტუმრა.
სანდრა რულოვსის სტუმრობას წინაისტორიაც აქვს: როცა ალეკო გრიგოლაშვილის დაკრძალვის დღეს მისი შვილის მონათვლა გადაწყდა, ოჯახმა ნათლიად სანდრა აირჩია, თუმცა, დაკრძალვის დღეს სანდრა რულოვსი საქართველოში არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, ოჯახში ვერ მივიდა. პატარა ნინოს ნათლიად სანდრა რულოვსი მაინც ჩაუთქვეს და ნათლიებს შორისაც მოიხსენიეს.
31 იანვარს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, სანდრა რულოვსმა ნათლულთან სტუმრობა გადაწყვიტა და მას საჩუქრებიც მიუტანა.
“გუშინ საღამოს, საერთოდ რომ არ ველოდებოდით, გვესტუმრა ქალბატონი სანდრა რულოვსი. მართლა ძალიან მოულოდნელი და დიდი სიხარული იყო. იმდენად თბილი იყო ჩვენს მიმართ, რაღაც საოცარი ადამიანია. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი გულწრფელი სითბო აქვს ადამიანების მიმართ, არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ ყველას მიმართ ერთ დონეზე, მსგავსი გულშემატკივრობა არასოდეს მინახავს.
ჩემი შვილი ნინო იყო ძალიან ბედნიერი და გახარებული. მართლაც რომ უჭკვიანესი, ულამაზესი და უთბილესი პირველი ლედია სანდრა”,- აღნიშნა ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლემ "თავისუფალ ზონასთან" საუბრისას.