
ტრაგიკული შემთხვევა რუსთავში დღის 12 საათზე მოხდა.
ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები ნანახით დღემდე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
„ამ უბედურებამ სულ გამთიშა. ასეთი რა უსაშველო უნდა სჭირდეს 25 წლის ახალგაზრდას, რომ პატარა პრობლემას ვერ გაუძლოს?!
ეს ფსიქოლოგებმა უნდა გამოიკვლიონ. ჩვენი გაუსაძლისი ყოფის ბრალია ალბათ ის, რომ ახალგაზრდების უმეტესობას, ფსიქიკა ასე აქვს მოშლილი, ამ გაუთავებელი სტრესების გამო ელემენტარულ ნერვიულობასაც ვეღარ უძლებენ.
ამბობენ, რომ გოგო ძალიან უყვარდა და მასთან დაშორებას საშინლად განიცდიდა! ყოფილი ცოლი ჩვენს კორპუსში ცხოვრობს, როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ, დასთან და დედასთან ერთად დაიქირავა ბინა, ამიტომ ოჯახს კორპუსში ბევრი არ იცნობს.
ჯერ გასროლის ხმა იყო, მერე აქაურობა ქალების კივილმა შეძრა. მთელი კორპუსი გამოვიდა გარეთ, საშინელი სურათი დაგვხვდა, გარდაცვლილი ასფალტზე პირქვე იწვა და სისხლში ცურავდა.
გოგოც ძალიან შემეცოდა, საშინალდ ტიროდა საწყალი. ქმარი თუ მოკვდა, ცოლს ეს შემზარავი სურათი არასოდეს ამოუვა თვალიდან. ეს რა გამიკეთეო, - მოსთქვამდა, შეშლილი სახე ჰქონდა. ძალიან იყო გამწარებული, ასეთ გამწარებას ვერავინ თამაშობს.
გოგო ამბობდა, შერიგების სათხოვნელად მოვიდა, - ვუთხარი, როცა გამოსწორდები, მაშინ შეგირიგდები-მეთქიო; მართლა შევურიგდებოდი, თუ გამოსწორდებოდა, იმდენად ბევრს სვამდა, მასთან ცხოვრება შეუძლებელი იყო, იმ მომენტშიც ისეთი გაბრაზებული ვიყავი, გასაცილებლად არც კი წამოვდექი, დედაჩემმა გამოაცილაო.
მანამდეც ხშირად მოდიოდა თურმე და ისევ ერთად ვიცხოვროთო სთხოვდა, ამჯერად, როგორც ჩანს, წინასწარგანზრხული ჰქონდა თავის მოკვლა და თან იარაღი წამოიღო.
ახლა ზამთარია, ყველას ქურთუკი აცვია, რა ვიცი, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ვიღაცა ქურთუკის ქვეშ იარაღს მალავს! საბრალომ, ფაქტობრივად, სიდედრის თვალწინ მოიკლა თავი. რომ გამახსენდება რომ დედამისმა შვილი 25 წელიწადი იმიტომ ზარდა რომ ამას მოსწრებოდა, ცუდად ვხვდები,“ - ამბობს ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრები, მანანა გოგოლიძე.
kvirispalitra.ge