
2014 წლის 30 დეკემბერს პირველი რადიოს პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივას’’ წევრებმა ლაშა ფარულავამ და შმაგი ჩოხელმა ბრიფინგი გამართეს.
მათ ისაუბრეს შსს-ში ჩავარდნილ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა უწყების თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევას. ტენდეტის ჩავარდნამ შსს-ს თანამშრომლები დაზღვევის გარეშე დატოვა.
მავე დღეს, უწყების მიერ, აღნიშნული ინფორმაციის გასაბათილებლად საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმად შსს-ს თანამშრომლებს გაუგრძელდებოდათ არსებული დაზღვევა იგივე კომპანიებთან იმავე რეჟიმითა და პირობებით.
კოალიციამ მიმართა შსს-ს წერილით, სადაც მოთხოვნილი იქნა საჯარო ინფორმაცია გაგრძელებული სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტაციის თაობაზე, რადგანაც არსებობდა ეჭვი, რომ პოლიციის თანამშრომლები სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩენილიყვნენ.
მიუხედავად ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 40-ე მუხლის დანაწესისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია.
კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა მოწოდებული, დადგინდა რომ უწყების თანამშრომლებს ოჯახის დაზღვევა გაუძვირდათ. რამაც თანამშრომელთა უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი საიდუმლო გარიგებაა, რომლითაც თანამშრომლებს ოჯახის სამედიცინო დაზღვევა 34 ლარიდან გაუძვირდათ დამატებით 52 ლარით.
მიმდინარე პროცესი დახურულია. უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციას არ აწვდის, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შსს-სა და დამზღვევ კომპანიას შორის არის კორუფციული გარიგება, რომლითაც ე.წ. ,,ატკატი’’-ს წესით ხდება პოლიციელთა ჯიბიდან თანხის ამოღება.
კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივა’’ მოითხოვს გასაჯაროვდეს აღნიშნული ხელშეკრულების პირობები, ასევე უწყების ახალმა ხელძღვანელობამ კორუფციული ნიშნების თაობაზე დაიწყოს მოკვლევა.