
2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გუშინ საღამოს, კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ვრცელდება, ნათქვამია, რომ უეფამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და სფფ-ს და საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა დიდი ნდობა.
აღმასკომის ეს გადაწყვეტილება უეფას გენერალურმა მდივანმა - ჯანი ინფანტინომ სხდომის დასრულებისთანავე გაახმოვანა. სფფ-ის ოფისში უეფას გადაწყვეტილებას ერთად ელოდებოდნენ სფფ-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ეს სასიხარულო ამბავი მათ ერთად შეიტყვეს.
„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი! ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ამ წუთებში „მიხეილ მესსხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის ხელმძღვანელები ამ თემაზე პრესკონფერენციას ატარებენ.