
პროფესორი მერაბ შათირიშვილი „ალიასთან“ ინტერვიუში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე საუბრობს და ეჭვს გამოთქვამს, რომ არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებიც ისმინება.
„...იური ვაზაგაშვილს ბიძინა ივანიშვილმა დახმარება აღუთქვა. გამოდის, ნებისმიერი შეხვედრა ივანიშვილთან ისმინება და ცოტა ხნის წინ ეს თვითონაც აღიარა...
აი, შედეგი, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს ამათი მსხვერპლი!
პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც უამრავ სასიკეთო რაღაცას გვპირდებოდა, როგორც ძალა, ვერ შედგა. მე იური ვაზაგაშვილის ტრაგედია მაიძულებს, ბევრი რამე ვთქვა, რაღაცების დამალვას აზრი აღარ აქვს.
რატომ შევწყვიტე ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“? ამათ არ იციან არც მეგობრობა, არც კოლეგიალობა, არც გუნდურობა, ჩამოკიდებულები არიან ერთ კაცზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის ჯიბეზე, მის შესაძლებლობებზე.
სხედან და ფიქრობენ, ყველაფერს ის გააკეთებსო, ფეხებზე ჰკიდიათ, ვის გაანაწყენებენ, ვის „გადააგდებენ“, ვისი ცოლ-შვილი შიმშილობს.
მთავარია, მაგათმა ნათესავებმა არ იშიმშილონ, ბიძაშვილებმა, მამიდაშვილებმა, ძმებმა, დებმა, სიძეებმა და სიდედრებმა არ იშიმშილონ.
ამათ უამრავი მერაბ შათირიშვილი დატოვეს თამაშგარე მდგომარეობაში და გაანაწყენეს.
როცა ეკითხები, რატომ? პასუხსაც არ გაძლევენ, ჩუმად არიან, არაფრად გაგდებენ.
აი, ამ გულგრილობის მსხვერპლი გახდა იური ვაზაგაშვილი. ამის შემდეგ რა პარტიის ამოქმედებაზეა ლაპარაკი“, - განაცხადა მერაბ შათირიშვილმა.