
სოციალურ ქსელში უკრაინული გამოცემის „ცენზორ ნეტის“ მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი დონეცკში შეტაკებისას დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ოჯახს მადლობას უხდის.
„იცნობდეთ! 17 იანვარს დონეცკის აეროპორტთან არსებულ მონასტერთან ეს საოცარი ადამიანი იბრძოდა, თამაზ სუხიაშვილი.
თამაზი პროფესიონალი მეომარი იყო. ის მონაწილეობდა ოსეთში მიმდინარე ომში 2004 წელს, 2008 წელს რუსეთის განხორციელებულ აგრესიაში, მონაწილეობდა მისიებში, ერაყსა და ავღანეთში.
გასულ წელს თამაზი მსახურობდა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებული დანიშნულების დანაყოფში. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსები შემოიჭრნენ, თამაზი სამსახურიდან დაეთხოვა და ჩვენ დასახმარებლად ჩამოვიდა.
ის იყო ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ლეიტენანტი, ჰქონდა მშვენიერი კარიერა, კოლექტივი, რომელშიც პატივისცემით სარგებლობდა, უკრაინელ გენერალზე მაღალი ანაზღაურება, ყავდა ოჯახი, ორი საოცარი შვილი.
თუმცა ამ ნამდვილმა მამაკაცმა მიატოვა კარიერა და ნებაყოფლობით ჩაეწერა უკრაინულ არმიაში. თამაზის, როგორც პროფესიონალი მებრძოლის, გამოცდილება ფასდაუდებელია მისი მეგობრებისთვის.
თავისი ქვეყნის თავდადებული პატრიოტი, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფლებისთვის ებრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თამაზი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც შეტაკების დროს დანაყოფს წინ მიუძღოდა.
ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა. მორიგი შეტევის დროს თამაზ სუხიაშვილი გმირულად დაეცა. თამაზთან ერთად გარდაიცვალა ორი უკრაინელი ჯარისკაცი, 20-ზე მეტმა კი ჭრილობა მიიღო. დაჭრილთა შორის კიდევ სამი ქართველია. მათ ჩვენს გამო გაწირეს თავი.
თამაზ, ვიცი, რომ ნამდვილი ჯარისკაცი იყავი და იცოდი, რომ ომში სიკვდილი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ არ არსებობს სიტყვები, რომლითაც მადლობას გადაგიხდი იმისთვის, რომ ჩვენი ომი და ტკივილი განიცადე ისევე მწვავედ, როგორც საკუთარი ქვეყნის.
მადლობა იმ პატივისთვის, რომ უკრაინას მეორე სამშობლო უწოდე. შენი გმირობა უმაღლეს ჯილდოს იმსახურებს. ჩვენ არ დაგივიწყებთ შენ და შენს ოჯახს. ხსოვნა იყოს ჩვენი ძვირფასი უკრაინის ქართველი გმირის," - წერს ბუტუსოვი.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი წუხელ საქართველოში ჩამოასვენეს და ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.