
ორი დღის წინ, 9 აპრილის სახელობის ბაღში გახსნილი ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლს გუშინ წარწერა მოგლიჯეს და გახსნაზე მიტანილი ყვავილები ძეგლის ირგვლივ მიფანტ-მოფანტეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, Ambebi.ge გურანდა გაბუნიას დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა და სახლში სასწრაფოს ექიმები ჰყავდა.
როგორც ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის ავტორმა ლევან ვარდოსანიძემ განაცხადა, ძეგლის დაზიანების შესახებ ინფორმაციის გაგებამ გურანდა გაბუნია საკმაოდ გაანერვიულა. მისივე თქმით, შეუძლებელია წარწერა თავისით ჩამოვარდნილიყო.
„როგორ შეიძლება გუშინ გახსნილი ძეგლი დღეს ასე ვანდალურად დააზიანონ. ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია. წარწერა, რომელიც მოგლეჯილია, ძვირფასი ლითონის არ არის", - განაცხადა ლევან ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ ამ წარწერაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო.
დედაქალაქის მერიაში კი განაცხადეს, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენენ.
მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია საქმე.