-
2015-01-15 12:18
„პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, საზოგადოებას ყურადღებიდან გამორჩა სისხლის სამართლის საპროცესო ცვლილების 147-ე მუხლი, რომელიც არანაკლებ პრობლემურია.
„ყოველგვარი დადგენილების გარეშე ჩხრეკა-ამოღების მუხლის განხილვისას, ჩრდილში მოექცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი დადგენილებისა და წინასწარი სასამართლო განჩინების გარეშე, შესაძლებელია, მოხდეს პირისგან საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება, რაც ასევე არანაკლები საფრთხის შემცველი ნორმაა ადამიანის ღირსებისა და პირადი ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით,“ - აღნიშნა მან.
გიგუაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების ყურადღება მხოლოდ 120-ე მუხლზე გამახვილდა და არ მიაქციეს ყურადღება ამ მუხლს, რომელიც არანაკლებ პრობლემურია.
„ამ შემთხვევაში გამომძიებელი ყოველგვარი დადგენილების გარეშე სისხლის ანალიზს, ან შარდის ანალიზს დაავალდებულებს მოქალაქეს და ფაქტობრივად, 3 დღის შემდეგ შეგიძლია შუამდგომლობის დაყენება. საზოგადოებამ და უფლებადამცველებმა ამაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, რომ უკეთ დავიცვათ ჩვენი უფლებები, რაც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული“, - აცხადებს ადვოკატი.
„ალიასთან“ ინტერვიუში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამ თემაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ჩხრეკა-ამოღება არ ჩატარდება სასამართლო კონტროლის გარეშე.
„ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება სასამართლო კონტროლით ყველგან. როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა, გამომძიებლის დადგენილება იქნება გამოტანილი, ჩხრეკის ოქმი შედგება, უფლებები განემარტება და შემდეგ სასამართლოში უნდა მოხდეს კანონიერების შემოწმება.
ასევე, იქნება ნიმუშის აღების დროსაც, როდესაც საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ამდენად, ჩვენ დაცვის გარანტიებს ვაძლიერებთ უფრო მეტად და ადამიანის პირადი თავისუფლება ყოველთვის იქნება პრიორიტეტული“, - აცხადებს ბესელია.