
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პროცესების დახურვა დაგეგმა.
„ყველას გახსოვთ 2014 წლის 26 ივლისს ბაჩოს საპატიმრო ვადა რომ ეწურებოდა და მე განვაცხადე, რომ ბაჩო 26 ივლისს დატოვებს საპატიმროსთქო, ზუსტად 2 საათში ბესელიამ და სესიაშვილმა გააკეთეს განცხადებები და თქვეს რომ ვერაფერსაც ვერ დატოვებსო (ნუ ეს წინასწარი დაანონსება კიდევ ცალკე თემაა).
ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში, კერძოდ 5 ივლისს ბაჩოს წაუყენეს ახალი ბრალი "ჩაპლიგინის და სხვა რუსეთის ჯაშუშების საქმეზე", რომელიც შედგებოდა სულ რაღაც 15 ფურცლისგან და "მთავარი მოწმე" იყო ლადო ბედუკაძე, რომელსაც მიცემული აქვს რაღაც გაუგებარი, ვარაუდზე დაფუძნებული ჩვენება.
მოკლედ, ეს საქმე იმდენად აბსურდულია და მიზანმიმართულად მხოლოდდამხოლოდ ახალი პატიმრობისთვის იყო ნაჩქარევად შეთითხნილი, უკვე 6 თვეზე მეტია სასამართლო პროცესს ვერ იწყებენ, არადა ისე ჩასაფრებული ველოდები ამ პროცესებს, კარგ სანახაობას და გართობას გპირდებით, ბევრს გახალისებთ...
მაგრამ, სწორედ ამიტომ ფარცხალაძის ბნელ ტვინში მოიხარშა ახალი იდეა - დახურონ სასამართლო პროცესები, რათა ვერც მედია, ვერც მონიტორები (რომელთა ანგარიშები შემდგომ აისახება ევროპულ რეზოლუციებში და აშშ დეპარტამენტის განცხადებებში) ვერც საზოგადოება და საერთოდ ვერავინ დავესწროთ ამ აბსურდის თეატრს. ამისათვის ამავე ჯაშუშების საქმეზე, ოპერატიული თანხების მითვისების ბრალდებით, ბაჩოს უყენებენ ახალ ბრალს (რაც გრიფით საიდუმლოა) რათა მოხდეს პროცესების დახურვა.
გარდა თავის გამასხარავებისა (უკვე მერამდენედ) მათ ასევე ეშინიათ მთავარი იარაღის, ბაჩოს სიტყვის! ბაჩოს სიმართლის! ამიტომ ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ბაჩოს და საზოგადოების კომუნიკაცია, სწორედ ეს შეცდომა დაუშვეს მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ბაჩომ მთელს საქართველოს დაუმტკიცა რომ იგი უდანაშაულოა!“, - წერს ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქში“.