
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოხუცი ქალბატონის მიერ ფურცელზე, ხელით დაწერილი განცხადების ფოტო გავრცელდა.
განცხადება თბილსში, ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე იყო გაკრული.
82 წლის მოხუცი წერს, რომ ავტობუსში ჩანთა დარჩა, სადაც პირადობის მოწმობა, პენსიონერის პლასტიკური ბარათი და წამლების რეცეპტები ჰქონდა. ელენე მოქალაქეებს სთხოვს, თუკი მის ჩანთას იპოვიან, დაუკავშირდნენ. მოხუცი ქალბატონი მპოვნელს ჩანთის დაბრუნების სანაცვლოდ დასაჩუქრებას და ტაძარში მასზე ლოცვას ჰპირდება.
„კვირასთან“ საუბარში 82 წლის ელენეს შვილი, გელა კვატაია ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და მხარდაჭერა გამოხატა.
ნივთის მპოვნელი მოქალაქე არცერთი არ აღმოჩნდა, თუმცა ერთი ზარი იუსტიციის სამინისტროდან განხორციელდა. უწყების წარმომადგენელმა მოხუცისთვის პირადობის მოწმობის დამზადების სურვილი გამოთქვა და უთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრო ელენე ბერაძეს პირადობის მოწმობას უფასოდ დაუმზადებს.
ელენეს შვილი გელა კვატაია კი იმედს გამოთქვამს, რომ მოხუცის ჩანთის და მასში არსებულ სხვა ნივთების მპოვნელი მომავალში გამოჩნდება. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მოხუცის ჩანთაში ცოტაოდენი ფული იყო, თუმცა მათ სხვა ნივთების დაბრუნება უფრო სურთ.
„სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, ვერაფერს მივაგენით. დაგვიკავშირდნენ გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა დარეკა. კიდევ იუსტიციის სახლიდან დაგვიკავშირდნენ. ვიღაც კაცს დაურეკავს, დაგეხმარებით პირადობის ახალი მოწმობის აღებაშიო. თურმე, იუსტიციის სახლში უფასოდ შეუძლიათ ამის გაკეთება“, – ამბობს გელა კვატაია.
მან ასევე აღნიშნა, რომ 82 წლის ელენე პროფესიით ფილოლოგია, სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა, ავტობუსის გაჩერებაზე გაკრული განცხადება კი თავისი ხელით დაუწერია. ელენე ბერაძე ახლა პენსიონერია.