
3 იანვარს ბახმაროს მთებში ტრაგედია დატრიალდა. ახალი წლის შესახვედრად მთებში წასული მეგობრები ზვავში მოყვნენ.
მათგან ერთის, 19 წლის ფარნა ბადურაშვილის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
სტიქიას გადარჩენილი ერთ-ერთი მეგობარი დავით მჭედლიშვილი უბედურ შემთხვევას ასე იხსენებს:
„2014 წლის 30 დეკემბერს, ოთხკაციანი ჯგუფი ტრადიციულად ახალი წლის მთაში შესახვედრად გავემართეთ. ადიგენის რაიონის სოფელ დერცელიდან შავნაბადას იალაღებზე ავედით, შემდგომ ზოტის მთა წარმატებით გადავლახეთ და მწყემსების ბინაში დავბანაკდით.
პირველ იანვარს დილის ათის ნახევარზე ზოტიყელის იალაღებისკენ დავიძარით, ბანაკიდან 700 მეტრში ჯგუფის ორი წევრი გიორგი ნაზღაიძე და ფარნა ბადურაშვილი ზვავში მოხვდნენ, გიორგი პატარა ნაძვის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, ფარნა ზვავში ღრმად აღმოჩნდა დამარხული.
თოვლს სამი საათის განმალობაში ვთხრიდით და ფარნას პოვნას, ზვავში მისი მდებარეობის დადგენას სალაშქრო ჯოხებით ვცდილობდით, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, ვერაფერს გავხდით. გაუარესებული ამინდისა და განმეორებითი ზვავის საშიშროების გამო იძულებულები გავხდით ბანაკში დავბრუნებულიყავით.
ამ ტერიტორიიდან მაშველებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამიტომ მეორე დილით ბანაკიდან 3 კილომეტრით დაშორებულ ზოტის მთაზე ავედით და 112-ს მომხდარის შესახებ ვაცნობეთ. 3 იანვარს, დაახლოებით 12 საათისკენ ვერტმფრენმა ხეობაში მაშველთა 30-კაციანი ჯგუფი ჩამოსვა. მათი დახმარებით ფარნას ცხედრის პოვნა და თოვლიდან ამოყვანა მოხერხდა.
ფარნა ძლიერი, მიზანდასახული, საქმეში თავდადებული იყო ბიჭი იყო. გეგმავდა სპორტს პროფესიონალურ დონეზე გაჰყოლოდა, თან სამხედრო კარიერაზეც ფიქრობდა.
„კვირის პალიტრა“ გარდაცვლილის დას, თათია ბადურაშვილსაც დაუკავშირდა:
- ჩემი ძმა მთაში იყო გაზრდილი და მთა ძალიან უყვარდა, სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ, საზოგადოებრივ ცენტრ "აისის" წევრი გახდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლასშქრობებში ყოველ შაბათ-კვირას მათთან ერთად დადიოდა.
როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მეთაურის სტატუსი მისცეს, ანუ თავად შეეძლო ლაშქრობებზე ჯგუფს გაძღოლოდა, თუმცაბოლო ლაშქრობაზე მაინც მოსწავლედ წავიდა. ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო, თანატოლებისგან განსხვავებით "ბირჟაზე" არასოდეს მდგარა. სხვანაირად ხედავდა თავის მომავალს, დიდი გეგმები ჰქონდა... სწავლის პარალელურად, "კინგ ბოქსს" ვარჯიშობდა.
წასვლამდე მითხრა, შემდეგ ლაშქრობაზე შენც წაგიყვანო. გამიხარდა და ვემზადებოდი, მაგრამ თავს ეს საშინელი ტრაგედია დაგვატყდა... ბოლო დღეებში დედას გული ცუდს უგრძნობდა. ფარნას ბოლო ლაშქრობაზე წასვლამდე დიდხანს ეხვეწა, უარი ეთქვა მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე და ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედროდა, მაგრამ ფარნამ არ დაუჯერა. მშობლებს არ უნდოდათ მისთვის გული ეტკინათ და როცა მიხვდნენ, თხოვნას აზრი არ ქონდა, წასვლა აღარ დაუშალეს. დღეს მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ...