
ფრაგმენტი ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრებიდან", სადაც აღწერილია წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის ამბავი.
".... „უფალო, მე დედაკაცი (ქალი) ვარ უცხო და უმეცარი, და არცა ვიცი ენა, ვითარ მივიდე უცხოსა ქუეყანასა და უცხოთა ნათესავთა თანა“. მაშინ კაცმან განუჴსნა წიგნი იგი, და მისცა კითხვად, და წერილ იყო ჰრომაელებრ და ბეჭედი იყო იესოსი. დაწერილ იყვნეს წიგნსა მას შინა ათნი სიტყუანი.
ა) სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქუას დედაკაცი ესე.
ბ) არცა მამაკაცება არს, არცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.
გ) წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა
დ) ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
ე) სადაცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა.
ვ) რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
ზ) რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა.
ჱ) ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.
თ) რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: „წარვედ, დედაკაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა.
ი) სადაცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და გულის-ხმა ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენება იგი. და აღიხილნა თუალნი ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნა მისი."
ლეონტი მროველი, "ქართლის ცხოვრება"