
ტრაგიკულად დაღუპულ 27 წლის არქიმანდრიტს, მამა ილია კარტოზიას საქართველოდან გამგზავრებამდე ბერებისა და მორჩილებისთვის მონასტრის წინ ერთი ადგილი უჩვენებია და უთქვამს: „მე იქიდან ჩამომასვენებენ, აი, აქ, ამ დიდი ლოდის წინ დამასაფლავეთ, ყველას უთხარით, რომ ეს ჩემი სურვილი იყო“.
მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონასტრის წინამძღვარს სამშობლოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ და მისი ანდერძი ასრულდება.
მამა ილია კარტოზია პატრიარქის კურთხევით მრევლთან ერთად ბარიში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოსალოცად მიემგზავრებოდა.
ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს რვა მოქალაქე იყო, მათ შორის ერთი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი. საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილების თქმით, ცეცხლი ღამით გაჩნდა, ამ დროს მგზავრებს ეძინათ. სამწუხაროდ, 11 კაცი დაიღუპა, ზოგიერთს დღემდე ეძებენ.
საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ირაკლი მეუღლესა და 9 წლის შვილთან ერთად იყო გემზე. „როდესაც ხანძარი გაჩნდა, შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი.
მამა ილია მამშვიდებდა, ღმერთზე იფიქრე და დაგეხმარებაო. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი...
სამაშველო ნავებზე გადავდიოდით, ამ დროს მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით ხელში და თავისი ადგილი მათ დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა", - იხსენებს ირაკლი.
ვიღაცას წყალში სამაშველო ჟილეტი გადაუგდია, თუმცა, ძლიერი ღელვის გამო მამა ილიამ მასთან მიახლოება ვერ შეძლო.
მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ნაპოვნია ზურგჩანთა, სადაც, წმინდა ნაწილებსა და ხატებს ინახავდა. სასწაულია, ბერს თურმე თმაში ჰქონდა შერჩენილი ჯვარი.
მამა ილიას ბავშვობიდან იცნობდა დედა ირინე: "საკურთხეველში გაზრდილ ბავშვს ეძახდნენ, სტიქაროსანი იყო. მის სახლთან რომ ჩავივლიდით და გარეცხილ პატარა სტიქარს დავინახავდით, სულში სითბო გვეღვრებოდა.
18 წლისა ბერად აღიკვეცა. ეს სასწაული იყო, მაგრამ იმდენად მზად იყო ამისთვის, რომ პატრიარქმა კურთხევა მისცა. ბევრი ახალგაზრდა დააყენა სწორ გზაზე. ამბობდა, რომ ჩავალ ზუგდიდში, დედაჩემი მეტყვის, იმას უშველეო, და ის ბიჭები მოჰყავდა მონასტერში, მათი ცხოვრება იცვლებოდა“.
მამა ანტონი: მისი საქციელი არ გამკვირვებია, ეს მის სულში იყო - სხვას დაუთმო ადგილი. როცა ეს ამბავი გავიგე, გული ცუდს არ მიგრძნობდა, ალბათ, იმიტომ, რომ სწორად გავიდა სასუფეველში. ალბათ, ახლა მისი სული ზეიმობს. ყველასგან გამორჩეული იყო. რომ ცხონდა, გასაგებია.
kvirispalitra.ge