-
2015-01-04 10:49
"კომერსანტი": - ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენმა ალექსანდრე მაშკევიჩმა საქართველოში სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მისი კაპიტალის დაბანდების გეგმაზე მუშაობს. ბიზნესმენი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროთია დაინტერესებული და პროექტებიც ამ მიმართულებით მუშავდება.
რა ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ალექსანდრე მაშკევიჩი საქართველოში, გაზაფხულზე გაირკვევა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამ ჯგუფში შედიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები.
უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ პროექტების დამუშავებას ნახევარი წელი სჭირდება. ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება ტურისტული მიმართულებითაც პროექტების დამუშავებაც.
მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი თბილისში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მან არაოფიციალური შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. მაშინ გახდა ცნობილი, რომ მაშკევიჩი ფარმაცევტული ბიზნესით ინტერესდებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი სხვა გეგმების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.
კერძოდ, მაშკევიჩი ჯანდაცვის სფეროში ჰოსპიტალური, სადიაგნოსტიკო და ფარმაცევტული მიმართულებებზე გამოთქვამდა ინტერესს.
ასევე ჰქონდა საუბარი ტურიზმის მიმართულებაზეც, რაც ძირითადად სასტუმროების მშენებლობაში გამოიხატებოდა. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მანქანათმშენებლობის დარგიც.
წყარო