
კურსკის მიტროპოლიის ეპისკოპოსის თანაშემწემ იური შიშკოვმა ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე“ ანუ „ყოველთა სიხარულთა სიხარული“ სამკაციან დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოაბრძანა.
მირონმდინარე ხატი საქართველოში შობამდე დარჩება.
„ეს არის იმ ხატის ასლი, რომლის წინაშეც სერაფიმ საროველი ლოცულობდა.
იგი განსაკუთრებულია იმით, რომ უკვე 16 წელია, მირონი სდის. ამასთან, ხატის მეორე მხარეს ხელთუქმნელი ღვთისმშობლის სახე გამოისახა.
ჩვენ საქართველოში 4 დეკემბერს, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის სერაფიმეს მოწვევით ჩამოვედით.
ამ დროის განმავლობაში მოვილოცეთ სვანეთი, ხაშური, ქარელი, გორი, მარნეული.
ამჟამად ხატი ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული და თბილისში შობამდე დარჩება", - განაცხადა შიშკოვმა.
ღვთისმშობლის ხატი „მოალერსე“ ანუ „ყოველთა სიხარულთა სიხარული“ წმინდა სერაფიმე საროველის კელიაში იყო დაბრძანებული. ხატთან ჩაუქრობელი კანდელი ენთო. ამ კანდელის ზეთს აცხებდა ხოლმე წმინდა მამა კელიაში მისულ ავადმყოფებს.