-
2015-01-02 00:55
იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხი (RAI 2) ბორან "ნორმან ატლანტიკსზე" კატასტროფის დროს მამა ილია კარტოზიას დაღუპვის დეტალებს ასაჯაროებს.
სიუჟეტის მიხედვით, მამა ილია კარტოზიას, რომელიც მსახურობდა საქართველოში, მიეგზავრებოდა ბარში წმ.ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად , არ მიუტოვებია გემბანი და დაეხმარა ბევრ მგზავრს.
მან თავისი ადგილი სამაშველო ნავში დაუთმო ბავშვიან ქალბატონს და თვითონ ისევ გემბანზე რჩებოდა. საბოლოოდ მისი გადაყვანის დროს ჩაწყდა ბაგირი და მაშველებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა. მამა ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. მის ზურგჩანთაში, რომელსაც არ იშორებდა და რომელიც გარდაცვლილსაც ზურგზე ჰქონდა, ხატები აღმოჩნდა. სასულიერო პირი მცხეთის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ქართველების მონაწილეობით მსგავსი თავდადების მაგალითი არაერთია. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს აწ უკვე წმინდანად შერაცხულმა არქიმანდრიტმა გრიგოლ ფერაძემ გადაწყვიტა, გაზის კამერაში მრვალაშვილიანი მამის ნაცვლად შესულიყო, ხოლო 1962 წელს პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ თავისი სამაშველო რგოლი უბილეთო გოგონას დაუთმო, როცა "ბოინგი" რიო დე-ჟანეიროს მახლობლად ოკეანეში ჩავარდა და მასზე ხანძარი გაჩნდა. თავად პროფესორი დაიღუპა, რადგან ცურვა არ იცოდა. "ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე" - ასე ჰქვია შოთა ნიშნიანიძის ლექსს, სადაც ის იოსებ ჟორდანიას გმირობას აღწერს.