-
2014-12-30 12:04
„მთელი კვირა“ შეეცადა დაედგინა, რომელ პოლიტიკოსს ისურვებდნენ თბილისელები მეკვლედ.
გამოკითხვაში 200-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მათგან 141 ქალბატონი იყო, 59 - მამაკაცი. 80-მა მათგანმა არც ერთი პოლიტიკოსი არ ისურვა მეკვლედ.
უმრავლესობამ ყველაზე სასურველ მეკვლედ პრეზიდენტი და ენერგეტიკის მინისტრი დაასახელა. მათ ხმების თანაბარი რაოდენობა - 10.5% (21 ხმა) მიიღეს.
ოდნავ ჩამორჩა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია 8%-ით (16 ხმა). "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმათა 7.5% მოაგროვა (15 ხმა). მეხუთე კი პრემიერ-მინისტრი იყო ხმათა 5.5%-ით (11 ხმა).
რესპონდენტები არჩევანს იმით ხსნიდნენ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი გაწონასწორებული ფიგურაა, ამასთანავე, განათლებული და სამართლიანიცაა. ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისიც თქვა, რომ პრეზიდენტი უუფლებო და ნიჭიერია და ამიტომ სურს მისი მეკვლეობა.
კალაძეზე არჩევანს იმიტომ აკეთებდნენ, რომ მთავრობაში ყველაზე წესიერ მინისტრად მიიჩნევენ. რამდენიმე მათგანს მინისტრთან რჩევაც აქვს - წავიდეს ქართული პოლიტიკიდან, სანამ დროა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოკითხულთა უმეტესობას პოლიტიკოსი მეკვლე არ სურს, მიზეზად კი შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკოსებისადმი ნდობის დაკარგვას ასახელებენ.
გამოკითხვის დროს იყო კიდევ რამდენიმე საინტერესო ფრაზაც:
45 წლის ქალბატონი: "მარგველაშვილი მინდა, იმიტომ რომ უუფლებოა და ნიჭიერია".
43 წლის მამაკაცი: "არცერთი არ მინდა, მაგრამ რომ იცოდეთ, მაინც "ოცნებისა" ვარ"...
70 წლის მამაკაცი: "არცერთ მათგანს. კაცია რომელიმე?!"
60 წლის ქალბატონი: "ჯერ თავიანთ ოჯახებსა და სახელმწიფოს მიხედონ და მერე ვისურვებდი".
25 წლის მამაკაცი: "სანტას ფორმა უნდა ეცვას, თუ ჩვეულებრივი?".
საბოლოოდ, სასურველ მეკვლე პოლიტიკოსთა სია ასეთი გამოვიდა:
1-2. გიორგი მარგველაშვილი 10.5% (21 ხმა)
1-2. კახი კალაძე 10.5% (21)
3. ირაკლი ალასანია 8% (16)
4. შალვა ნათელაშვილი 7.5% (15)
5. ირაკლი ღარიბაშვილი 5.5% (11)
6. დავით სერგეენკო 4.5% (9)
7. დავით ბაქრაძე 3% (6)
8. ნინო ბურჯანაძე 2.5% (5)
9. დავით უსუფაშვილი 2% (4)
სხვა პოლიტიკოსები 6% (12)
არცერთი 40% (80).