-
2014-12-22 15:54
"ფოსტალიონი. ქომ" იმ სკანდალის შესახებ წერს, რომელიც ტოტალიზატორ "ევროპაბეტს" უკავშირდება. "აფხაზეთის ხმა" ამ სტატიას გთავაზობთ.
"სკანდალი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, „ევროპა ბეთს“ სულ მცირე დიდ უხერხულობას შეუქმნის და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საქმე სასამართლო გარჩევამდეც მივიდეს. საკითხი ეხება მომხმარებლის მოტყუებას, უფრო პოპულარული ენით თუ ვიტყვით, გადაგდებას.
ბათუმელი ქეთევან ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხშირად თამაშობს ინლაინში. 15 დეკემბერს მთელი დღე, სახლიდან გაუსვლელად ითამაშა. ხან იგებდა, ხანაც აგებდა, მერე კი ფსონი გაზარდა და კარგი კომბინაცია დასვა. ცხადია, მან წინასწარ არ იცოდა ამ კომბინაციაზე რა თანხა უნდა დამჯდარიყო, მაგრამ შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ მოიგო. ბალანსის გვერდზე კი, 9 900.20 ლარი ეწერა. ანუ მას მოგებული ჰქონდა ეს თანხა და ისიც ფულის ასაღებად, გახარებული, „ევროპა ბეთის“ სალაროში გაიქცა.
ქეთევან ბოლქვაძე:
- მოლარეს ვუთხარი, რომ თანხის გატანა მინდოდა. ცხადია მანაც შეამოწმა და ნახა, რომ ეს მოგება იყო. ფული 20 და 50 ლარიან კუპიურებად დააწყო და ისიც კი მკითხა, ასე თუ გაწყობთო?! რა მნიშვნელობა აქვს მეთქი, ვუპასუხე. სანამ თანხას გადმომცემდა თბილისში დარეკა, მე კი ამ ზარის მნიშვნელობა ასე ამიხსნა: დიდი თანხაა და იმათაც უნდა შევუთანხმოო. ზუსტად ნახევარი საათი ელაპარაკა ვიღაცეებს, მე კი მითხრა, რომ ხაზზე უსაფრთხოების სამსახური იყო .
ამის შემდეგ მას ჩემთვის გამზადებული თანხა აღარ მოუცია, ტელეფონის ნომერი გამომართვა _ დაგიკავშირდებიან და გაარკვევენ მართლა მოგებული გაქვთ თუ არა ეს ფულიო. ამ დროს ჩემი საიტი დაიბლოკა და ცხადია მათ დაბლოკეს. დღეში ათჯერ ვრეკავდი „ევროპაბეთში“, მაგრამ ერთი და იგივე პასუხს ვიღებდი _ გავარკვევთ და დაგირეკავთო.
17 დეკემბერს ოპერატორმა გოგონამ დამირეკა და მითხრა, გაგირკვიეთ რაღაცეები და ასეთი სიტუაცია აღმოჩნდა, თქვენ მოიგეთ თანხა, მაგრამ ამდენი არა. მოხდა თანხების არასწორად გადანაწილება და მისი დუბლირებაო. არადა ფოტო მაქვს გადაღებული, თუ როგორ წერია ჩემს მოგებაზე ეს ციფრი.
ოპერატორსაც ვუთხარი, რომ ფოტო მქონდა გადაღებული და ამას ასე არ დავტოვებდი. მერე მთხოვდა, ეგ სურათი იმეილით გადმოგვიგზავნეთ, ძალიან დაგვეხმარებაო. ვუპასუხე, რომ ფოტოსურათს სადაც საჭირო იყო იქ წავიღებდი. ჩემი აზრით აინტერესებდათ, მართლა მქონდა თუ არა ასეთი მტკიცებულება?!
_ ამხელა თანხა სხვა დროსაც მოგიგიათ?
_ არა, თავიდან მეც შოკში ვიყავი და 900 ლარი მეგონა, მერე რომ დავხედე და 9 ათასი იყო, ცხადია ძალიან გამიხარდა და მაშინვე გავიქეცი ფულის ასაღებად და როგორც ჩანს ეს არ მოეწონათ. ალბათ არ ეგონათ ამ ფულის გატანას რომ დავაპირებდი.
_ რატომ?
_ ცხადია მათ ინტერესებში შედის ის, რომ ამ თანხით ისევ მეთამაშა, რადგან მერე შეიძლება სულ წამეგო. სწორედ ამიტომ მითხრეს უარი გატანა რომ დავაპირე.
_ სხვასაც თუ დამართია ასეთი რამ, რომ მოიგო, მაგრამ ფული არ მისცეს?
_ ბევრი ამბობს, რომ ვიღაცეებსაც იგივე გაუკეთეს, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებს , ვისაც მსგავსი რამ შეემთხვა, არ ვიცნობ. ისიც გავიგე, რომ ვიღაცამ თურმე 25 ათასი მოიგო, მაგრამ გატანა რომ გადაწყვიტა, 5 ათასზე მეტი არ მისცეს.
ვთქვათ შეცდომა მართლა მოუვიდათ, მე რა შუაში ვარ?! იმ თამაშზე ეს თანხა დაჯდა, რასაც მე ვთამაშობდი. „ევროპა ბეთის“ არგუმენტი არის ის, რომ თითქოს პროგრამული შეცდომა მოხდა. დავუშვათ რომ ასეც იყო, როგორ უნდა დამიმტკიცონ და დამაჯერონ, რომ ეს იყო შეცდომა და არა მოტყუება?! მე ხომ საკუთარი თვალით ვნახე და ფოტოზეც გადავიღე, როგორ ეწერა ეს თანხა ჩემს ნათამაშებზე? თანაც მათ შეცდომაზე პასუხი თავად უნდა აგონ და არა მომხმარებელმა, ასე არ არის? უკვე ვესაუბრე ადვოკატს და სასამართლოში, პროკურატურაში, საფინანსო პოლიციაში, ყველგან შევიტან საჩივარს. თავს არავის მოვატყუებინებ.
სააგენტო „ფოსტალიონი“ დაუკავშირდა „ევროპა ბეთის“ ცხელ ხაზს და სიტუაციაში გარკვევა სცადა, მაგრამ ცოტა ხანში ოპერატორმა სოფო მაჩაბელმა მაცნობა, რომ პასუხის მიღება მხოლოდ ოფიციალური მიმართვის შემდეგ შეგვეძლებოდა, ისიც კითხვები ორშაბათს უნდა გამოგზავნოთ, რადგან შაბათ-კვირა დასვენებააო.
წყარო

