-
2014-12-21 19:31
ამ რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელში ვინმე თომა ბეთანელი სოფელ ჭოგნარში „ეშმაკით შეპყრობილ“ პიროვნებას ეშმაკის განდევნის რიტუალს უტარებს.
ვიდეორგოლმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან“ განმარტებას სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია აკეთებს.
„როდესაც ადამიანი, მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულად თომა ბეთანელზე, ისეთ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, ბუნებრივია, მისი ნათქვამი ყოვლად უსაფუძვლოა.
შესაბამისად, ასეთი ადამიანი შეუძლებელია მკურნალი იყოს, ვინაიდან, სავარაუდოდ, მას თვითონ სჭირდება მკურნალობა. თომა ბეთანელს არ ვიცნობ, არასდროს მინახავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც გამიგია და რაზეც საზოგადოებაშიც ლაპარაკობენ, აშკარად ჩანს, რომ ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არავის მიუცია...
შეუძლებელია ადამიანმა, რომელიც თავად არაა განწმენდილი, ვინმეს უმკურნალოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს და თვითონ განსაჯოს ვინაა მწყემსი კეთილი, ვინ - არა. ამაზე ხმაურის ატეხვა არასწორია, რადგან ყოველთვის არსებობდნენ და არსებებენ ასეთი თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ „მკურნალს“, „მოძღვარს“ და ა.შ.
უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია რწმენა, როდესაც მაცხოვრის პერნაგს სნეული დედაკაცი მიეახლება და განიკურნება, ის მაცხოვარს მადლობა გადაუხდის, რაზეც მაცხოვარი პასუხობს: სარწმუნოებამან შენმა გიხსნა შენო.
რაც შეეხება კვეთებულის ლოცვებს, მისი წაკითხვის უფლება ყველას არ აქვს, ძირითადად გამოცდილი მამები კითხულობენ.
ერთ-ერთი ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობს, ესაა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, რომელიც დიდი მარხვის პირველ და ბოლო კვირას აღასრულებს ხოლმე ამ ლოცვას და ამას ძალიან მრავალრიცხოვანი მრევლი ესწრება, რომლებიც ინკურნებიან კიდეც და ღვთის მადლით სავსე ბრუნდებიან შინ.
იმ ადამიანის ცხოვრების წესი, ვინც კვეთებულს კითხულობს ისეთი უნდა იყოს, რომ გამოირჩეოდეს სხვა ადამიანების ცხოვრებისაგან და ცხოვრობდეს უფლის სათნო ცხოვრებით,“ - აღნიშნა მამა პეტრემ.