
როგორც ქართველი მოდელი, კრისტი კილაძე აცხადებს, იგი ჩინეთში ქართველი დამსაქმებლების მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
„ვერა დოინოვასთან, სააგენტო "ტოპ მოდელსში". გავაფორმე კონტრაქტი, მონაწილეობა მივიღე კონკურსში და ავიღე პირველი ადგილი.
კონკურსს ვერას ქმარი აკონტროლებდა, თავად ვერა პეკინში იყო. ვიცოდი, რომ იქ აგვარებდა ჩვენს საქმეებს. გვითხრეს, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან იქნებიან კონკუსანტებიო. როცა ჩავედით მხოლოდ ჩინელი მენეჯერი დაგვახვედრეს. წაგვიყვანეს სადღაც გუიანგში.
იქ იყო ვერას მეგობარი ხატია, რომელმაც რაღაც კლუბში გაგვიშვა მე და მეორე გოგონა, არასრულწლოვანი, 16 წლის იყო. იმ კლუბში 5-6 ქართველი გოგო მუშაობდა. ჩატარდა ვითომ ჩვენება, გარშემო კაცები ისხდნენ, რომლებიც ჟიურის წევრები მეგონა. ერთ-ერთმა მამაკაცმა თავის მაგიდასთან მიმიწვია, მეგონა როგორც ჟიურის წევრი ისე მიწვევდა, მაგრამ თურმე სხვა მიზანი ჰქონია.
ჩინელმა მამაკაცმა მკერდზე ხელი წამავლო, მითხრა, მე შენში ფული მაქვს გადახდილი და ჩემი ქალი ხარო. მე წინააღმდეგობა გავუწიე. მერე ვერას დავურეკე საბოზაოდ ვარ, თუ კონკურსზე-თქო.
იმ კაცთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ, მენეჯერს ავუხსენით, რომ მოდელებად ჩავედით და არა ბოზებად. ამ ამბავმა ჩემზე მძიმედ იმოქმედა, სტრესის შედეგად ცუდად გავხდი, მაღალი სიცხეები მქონდა. ვითხოვდი ექიმს, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება. ხატია მირეკავდა და მეუბნებოდა, თუ გაცივდი, ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემიო.
ამის შემდეგ ისევ მოგვატყუეს, ისევ კლუბში წაგვიყვანეს, სადაც ე.წ. ბოსები იყვნენ შეკრებილები. მოვიდა კლუბის მეპატრონე და მითხრა მე აქაურობის ბოსი ვარ, შენში ფული მაქვს გადახდილი და სასტუმროში უნდა წამოხვიდეო. წინააღმდეგობა გავუწიეთ და გამოგვყარა, არც ფული გვქონდა, მენეჯერიც არ იყო, ამ ხატიასაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი და საღამოს წამყვან ჩინელს ვთხოვეთ სასტუმრომდე მიყვანა.
ყოველთვის ძალით მივყავდით კლუბში, ერთხელ მე და 16 წლის ელენე, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა ჩინეთში, მანქანაში ჩაგვსვეს და 12 საათი გვატარეს, აღმოჩნდა, რომ შიშინში გადაგვაპარეს. ისეთი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, რომ მკერდი და საჯდომი სულ დალურჯებული მქონდა. რაღაც სქემით მუშაობენ, ჩაჰყავთ გოგონები ჩინეთში, აფორმებინებენ კონტრაქტს, ზოგს პასპორტს ართმევენ და ა.შ.
ჩვენ ორჯერ გამოგვართვეს პასპორტი, მაგრამ საელჩო ჩავრიეთ და დაგვიბრუნეს პასპორტები.
2 თვე ვიყავით ჩინეთში ამ პირობებში. ბოლოს გამოვიპარეთ. ოჯახის წევრებმა გამოგვიგზავნეს ფული, ფანჯრიდან გადმოვყარეთ ბარგი, ტაქსის მძღოლს დავუხატეთ აეროპორტი და ისე მიგვიყვანა აეროპორტამდე, აეროპორტში კი პოლიცია დაგვხვდა. რომელმაც გვითხრა, სანამ არ გაფრინდება თქვენი თვითმფრინავი, გვერდიდან არ მომშორდეთ, რადგან ცუდი კაცი გეძებენო.
ვინ იყო ის კაცი, არ ვიცი. ჩვენთან ერთად კიდევ ერთი გოგო იყო, რომელიც კონტრაქტით იყო წასული სამუშაოდ. მასაც უთხრეს ჩვეულებრივად, მოდელი იქნებიო და ეგ მოდელობა არაა - ტრეფიკინგია.
იქ ბევრი ქართველი გოგოა დასაქმებული. მათ რომ ჰკითხო, ცუდს არაფერს აკეთებენ. ტელეფონითაც მქონდა გადაღებული რაღაცები. მე რომ არ მქონდეს ნანახი, როგორ აჰყავთ ქართველ გოგონებს მამაკაცები სასტუმროს ნომრებში, არ ვიტყოდი არაფერს,“ - ამბობს კრისტი.
Ambebi.ge სამოდელო სააგენტო „ტოპ მოდელსის“ ხელმძღვანელს, ვერა დიონოვას დაუკავშირდა.
- თუ რამე გაინტერესებთ, კრისტის ჰკითხეთ.
- ის ამბობს, რომ თქვენ გაუშვით ჩინეთში სამუშაოდ, ვესაუბრეთ უკვე...
- თუ ამბობს - ამბობს; რა ვუყო? ვერ დავაკომენტარებ ამას.