
ცნობილ ზუგდიდელ ლოტბარს პოლიკარპე ხუბულავას 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მას ზუგდიდის კულტურის ცენტრის შენობის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
ღონისძიებაზე თავად მომღერალმა რამოდენიმე სიმღერა შეასრულა, მან ასევე გაიხსენა საკუთარი ბავშვობა და სცენაზე პირველი გამოსვლა. შეხვედრას სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც დამსახურებულ ლოტბარს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
საზეიმო კონცერტს ესწრებოდნენ ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი და ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. მათი შეფასებით, პოლიკარპე ხუბულავამ ღირსეული ცხოვრებით დაიმსახურა დღევანდელი დღე.
„მეგრული სიმღერების პატრიარქი“ პოლიკარპე ხუბულავა 1924 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში დაიბადა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან აღადგინა და მოიძია ასობით ხალხური სიმღერა, თავად ლოტბარი 200-ზე მეტ მეგრულ ხალხურ სიმღერას ასრულებს. მის რეპერტუარში ასევე არის ლაზური, თურქული, აფხაზური სიმღერებიც.
პოლიკარპე ხუბულავას შესრულებული აქვს სიმღერა ლაზიკას სარეკლამო კლიპში, სანდრა რულოვსთან და მიხეილ სააკაშვილის უმცროს ვაჟთან ერთად.
ვიდეო ფანჯარაში: ტვ "ოდიშის" სიუჟეტი