
ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ეძღვნება, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კრიტიკული შენიშვნებია გამოთქმული.
ეუთოს მონიტორინგის ანგარიშის შინაარსს „ტაბულის“ რედაქტორი და დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს და წერს, რომ 116 გვერდიან ანგარიშში არაერთი ფორმულირება პირდაპირ და მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ უზრუნველყოფს - ნათქვამია ანგარიშში.
კრიტიკის შემცველ შენიშვნებს შორისაა დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოების ნდობა სისხლის სამართლის სისტემაში, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, დაცვის უფლება, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება და ა. შ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სისტემატურად ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობდნენ ხელს აცხადებდნენ რა დამნაშავეებად ბრალდებულებს, მანამდე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა.
ანგარიშის თანახმად, პრობლემატურია წინასწარი პატიმრობის რუტინული პრაქტიკა. პროცესის დროს ბრალდებულებს ათავსებდნენ შუშის ჯიხურში, რაც ზღუდავდა მათ უფლებას კომუნიკაცია ჰქონოდათ ადვოკატთან. ასევე ლახავდა მათ ღირსებას, სისტემატურად ჭიანურდებოდა პროცესები, რაც პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბრალდებულები ვერ სარგებლობდნენ სათანადო დაცვის უფლებით.