
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებლის პანაშვიდი დღეს დილიდან დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მიმდინარეობდა.
საუნივერსიტეტო კამპუსში შეკრებილი იყვნენ ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის ახლობლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მიუსამძიმრა.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები.
ბიზნესმენის ახლობლებს კახა ბენდუქიძის თანაგუნდელებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიუსამძიმრეს.
კახა ბენდუქიძის სამოქალაქო პანაშვიდზე სანდრა რულოვსი და გიული ალასანია მივიდნენ.
ექსპრეზიდენტის მეუღლემ ბიზნესმენის გამოსვენების წინ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.
„ბოლოს შეხვედრა - რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან ბრიუსელში ჩამომაკითხა. კახას ბევრი გეგმა ჰქონდა. უახლოეს დღეებში ინიშნებოდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად, ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს აბარებდნენ უკრაინელები, მშობლიური ქვეყნიდან ოფიციალურად დევნილსა და მოძულებულს.
უკრაინის გადარჩენას, საქართველოს დახსნის წინაპირობად განიხილავდა და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ბრუნდებოდა სამშობლოში. და, აი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე, როგორც მას და მის მეგობრებს წარმოგვედგინა…
თუმცა, კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია!
ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის რაც მან გააკეთა - მომავალია!
გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები, მაგრამ შორიდან ვეუბნები - ნახვამდის ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ. ვინც როგორ უნდა ისე სცადოს ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად კიდევ დიდი საქმეები გველის წინ!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.