
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიას პრეტენზიებთან ერთად ერთკვირიანი ბოიკოტი გამოუცხადა.
„მომხრე ვარ, რომ ყველა პროცესი ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს.
რაც მეტი იქნება ჟურნალისტების ჩართულობა, ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ნება მომეცით, სერიოზული პრეტენზიები ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფის მიმართ მეც გამოვთქვა. ვისაუბრებ მხოლოდ მიმდინარე კვირის საპარლამენტო სამ დღეზე.
პირველ დღეს ერთ-ერთი გაზეთის პირველ გვერდზე ვხედავ ჩემს სურათს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სურათს და სათაურში თითქოს ჩემი სიტყვების ციტირებას, რომ ბიძინა ივანიშვილს უსაუბრია იმ საკითხებზე, რასაც გრიფი საიდუმლო ადევს.
ანუ მე თურმე დავადანაშაულე ადამიანი, რომ გრიფით საიდუმლო თემაზე ისაუბრა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პირიქით ვამბობ - ბიძინა ივანიშვილს იმ საკითხებზე, რასაც გრიფი საიდუმლო ადევს, არ უსაუბრია. თქვეს, რომ მექანიკური შეცდომაა და გამოვასწორებთო. მეორე თუ მესამე დღეს გააკეთეს მინიშნება, რომ წინა ნომერში შეცდომა იყო;
მეორე დღეს, ერთ-ერთ სააგენტოს პირველ გვერდზე ჰქონდა გამოტანილი მასალა სათაურით: დავით საგანელიძე ამბობს, რომ თუ მისი კანდიდატურა დაყენებულ იქნა სპიკერის თანამდებობაზე, ის ამ პოზიციას დასთანხმდება. სტატიაში სადღაც კი წერია, რომ დავით საგანელიძემ თქვა, რომ ის ამ შეთავაზებას არ დასთანხმდებაო.
ანუ, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ეს "არ" იკარგება სათაურში. აქაც თქვეს, რომ მექანიკური შეცდომაა. იმავე დღეს, ერთ-ერთ სააგენტოში ჩემთვის ნაცნობი ჟურნალისტის ინტერვიუს ვკითხულობ ერთ-ერთ პოლიტოლოგთან, სადაც 7 კითხვიდან 6 კითხვაში ჟურნალისტი ხაზს უსმევს თემას "დავით საგენლიძემ რომ აღნიშნა"... პოლიტოლოგი კი იგნორირებას უკეთებს ამ თემას.
ანუ ეს მიზანიმართული დარტყმებია ადამიანზე. და ბოლოს, ხუთშაბათს პარლამენტის შენობაში იყო უმრავლესობის სხდომა. სხდომა დავხურეთ, ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი დარბაზიდან გავიდა, აპარატურა გამოირთო. ბევრ თემაზე გვქონდა დახურული სხდომა. მეორე დღეს ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე დიდი სიამაყით ჟურნალისტი წერს, რომ მან გუშინ მოახერხა და მოიპოვა სხდომის ჩანაწერი და მთელი სხდომის სტენოგრამა აქვს გამოქვეყნებული.
როცა ვსაუბრობთ, რომ მიყურადება არის დაუშვებელი, როცა ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ის მარაზმი, როცა ყველას გვისმენდნენ, ბარემ სახლში ჩამიდონ ტელეფონი, მეუღლეს რას ვეუბნები, იქნებ საძინებლებში შემოგვიტანონ. და ამაყობს ჟურნალისტი, რომ როგორც ჩანს, მან ჩუმად დატოვა ჩამწერი დარბაზში. ეს ჟურნალისტებისგან არ უნდა იყოს გაკიცხული?! აქ არის მორალურ სახეზე, პრინციპებზე, ორმაგ სტანდარტზე საუბარი. მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამ დროს.
მე ვერ გავაკეთებ იმას, რომ ბოიკოტი გამოვუცხადო ჟურნალისტებს და არ ვესაუბრო მათ, მაგრამ ჩემი პოზიცია რომ დავაფიქსირო, ერთი კვირის განმავლობაში მომავალ კვირას არც ერთ ჟურნალისტს კომენტარს არ მივცემ. ამით არც ქვეყანა არ დაინგრევა, არც მასმედია, მაგრამ ვიღაცა ხომ ჩაფიქრდება? რაღაცით ხომ უნდა გითხრათ, რომ არ შეიძლება ასე, არ დაამგვანოთ თქვენი ჟურნალისტიკა იმას, რომ ქვეყანა წაიყვანოთ უბედურებისკენ", - განაცხადა საგანელიძემ.