
სარიტუალო მოსახურების კომპანია "თბილბიუროს" ოფიციალურ გვერდზე სიახლეა - "მომენტალური განვადება დაკრძალვის სრული სერვისით". იქვე მითითებულია, რომ კომპანია დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. "თბილბიუროს" დირექტორი "კომერსანტთან" ამბობს, რომ განვადების რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო.
კომპანიის დირექტორმა კოკა სართანიამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ისეთი შემთხვევის შემდეგ მიიღეს, როდესაც ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, ოჯახს კი, მისი დაკრძალვისთვის აუცილებელი სახსრები არ გააჩნდა.
„ეს მომსახურება ერთი თვის წინ დავიწყეთ. განვადების რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ ჯერ არ იცის, რომ გაიგეგენ, მათი რაოდენობა უკვე გაიზრდება. ნამდვილად საჭირო შეთავაზებაა“, - განაცხადა სართანიამ.
მისი განცხადებით, 0%-იანი განვადება კომპანიის პარტნიორ ბანკთან კეთდება, კომპანია კი, ბანკს თითოეულ დამტკიცებულ განვადებაზე, ღირებულების 4 %-ს უხდის. რაც შეეხება დაკრძალვის ღირებულებას, სართანია განმარტავს, რომ ეს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სრული მომსახურების საშუალო ფასი კი– 4000 ლარია. აღსანიშნავია, რომ ამ ღირებულებაში ქელეხის ხარჯებიც შედის.